„ქართული ოცნების” დეპუტატი, მამუკა მდინარაძე ეხმაურება აშშ-ის ელჩის განცხადებას რუსულ კანონზე – რობინ დანიგანმა თქვა, რომ მმართველი გუნდის მიერ ინიციირებული პროექტი არ არის ამერიკული. ამის საპასუხოდ, მდინარაძემ ისევ გაიხსენა შარშანდელი კანონი და თქვა, რომ ის „პირდაპირი თარგმანი იყო და რუსული დაარქვეს”.
„არათუ ჰგავს, ერთი იყო თარგმანი პირდაპირ, რომელსაც დაარქვეს რუსული კანონი. ქალბატონ დანიგანს ამაზე არაფერი უთქვამს. ხომ არ მივიღოთ ის? მოდი, დააინიციირონ ჩვენმა ოპონენტებმა და პირდაპირ ის მივიღოთ. არ ვამბობ ირონიით, დააინიციირონ ამერიკული და პირდაპირ მივიღებთ. შარშან იყო თარგმანი პირდაპირი და რუსულს ეძახდით იმას და რა მნიშვნელობა აქვს”, – განაცხადა მან.
რაც შეეხება დანიგანის კრიტიკას, რომ როცა ოკუპანტი ქვეყანა მიესალმება ამ კანონპროექტს, კითხვა უნდა დაისვას, არის თუ არა ის სასიკეთო, მდინარაძე უტრირებულად პასუხობს:
„ხვალ რომ ასეთი კონფიგურაცია დალაგდეს, შეიძლება ოდნავ რაღაც დრამატიზებას და უტრირებას ჰქონდეს ჩემი მხრიდან ადგილი, მაგრამ, ქართულად ხომ ვლაპარაკობთ ჩვენ, ხომ უნდა ვილაპარაკოთ ქართულად, სანამ სამყარო იარსებებს. თუკი, ჩვენი მეგობრები გვეტყვიან, რომ ქართულად აღარ ილაპარაკო და რუსები იტყვიან, რომ კარგია, ისინი ქართულად რომ ლაპარაკობენ, ჩვენ ქართულად ლაპარაკი უნდა შევწყვიტოთ, თუ უნდა გავაგრძელოთ”, – განაცხადა მდინარაძემ.
„ქართული ოცნება“, რუსული ხელისუფლების მსგავსად, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიაგამოცემების წინააღმდეგ კანონის მიღებას აპირებს.
მისი მიზანია, ამ ორგანიზაციების დისკრედიტაციის გზით, ჩაახშოს საზოგადოებაში სიტყვის თავისუფლება და კონტროლი დაამყაროს საზოგადოებრივ აზრზე.
რუსული კანონი ითვალისწინებს ტერმინ „უცხოური ძალისა“ და „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ დამკვიდრებას. ეს ტერმინი და საგანგებოდ შექმნილი რეესტრი გააერთიანებს ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც ქვეყანაში ევროპული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის განვითარებისთვის მუშაობს.
პროექტი ითვალისწინებს მონიტორინგის, ე.წ. დასმენისა და სანქციების კომპონენტსაც.