ვოლსკი: შეწყალებას ძალიან მძიმე პოლიტიკური შედეგი შეიძლება ჰქონდეს

პუბლიკა

„ქართული ოცნების” დეპუტატი, გია ვოლსკი არ გამორიცხავს პრეზიდენტის მიერ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებას, თუმცა აღნიშნავს, რომ ამას „შეიძლება, ძალიან მძიმე პოლიტიკური შედეგი ჰქონდეს”. მის კომენტარს „საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს.

„არც მის შეწყალებას გამოვრიცხავ. შეწყალებას ძალიან მძიმე პოლიტიკური შედეგი შეიძლება, ჰქონდეს. მეორე მხრივ კი, მორალური მუხრუჭია იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ტრენდი არსებობს და მის შემქმნელებს შორის მოიაზრება სალომე ზურაბიშვილიც.

უკვე ფაქტია და ტრენდია, რომ ადამიანი, რომელმაც გადაწყვიტა, ცეცხლი წაუკიდოს და ადამიანი მოკლას, ეროვნულ გმირადაა შერაცხილი გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფში. სწორედ ამ პოლიტიკურ ჯგუფში იმყოფება სალომე ზურაბიშვილი. მისთვის პოლიტიკურად ძალიან ცუდი იქნება, რომ ამ შეწყალებას ხელი მოაწეროს. ეს შეიძლება, გამოდგეს მხოლოდ მუხრუჭად”, – განაცხადა ვოლსკიმ.

დღეს რუსული კანონის გასაპროტესტებლად გამართული მარტის აქციების შემდეგ დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი ორივე მუხლში დამნაშავედ ცნეს და 9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

ლაზარეს პატიმრობის ათვლა მისი დაკავების დღიდან დაიწყო. ის ერთი წლის წინ, 29 მარტს დააკავეს და ციხეში 8 წელს გაატარებს.

ლაზარე გრიგორიადისის ოჯახმა შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს უნდა მიმართოს – გრიგორიადისი ორ სხვადასხვა საქმეზეა მსჯავრდებული, კერძოდ, 2023 წლის 25 სექტემბერს მას 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა მამის დაჭრის საქმეზე.

„ადამიანის უფლებათა სახლის“ იურისტი ალეკო ცქიტიშვილი „პუბლიკასთან“ საუბარში განმარტავს, რომ პრეზიდენტს შეუძლია, თავისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გრიგორიადისი შეიწყალოს ორივე საქმეზე, ერთ-ერთზე ან მისჯილი წლები გაუნახევროს.