ბაიდენი ამბობს, რომ ირანის შეტევის მოგერიებაში მათი ძალებიც მონაწილეობდნენ

პუბლიკა

თეთრი სახლი ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებულ მასირებულ შეტევაზე პრეზიდენტის განცხადებას ავრცელებს, სადაც ჯო ბაიდენი გმობს ამ თავდასხმას და ისრაელის მხარდაჭერაზე საუბრობს.

„ჩემი მითითებით, ისრაელის თავდაცვის მხარდასაჭერად, გასული კვირის განმავლობაში აშშ-ის არმიამ საჰაერო ხომალდებისა და ბალისტიკური რაკეტების გამანადგურებლები რეგიონში განათავსეს. ამ გადაადგილებისა და ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების შესანიშნავი უნარების წყალობით, ჩვენ ისრაელს დავეხმარეთ, რომ თითქმის ყველა მომავალი დრონი და რაკეტა მოეგერიებინა.

ახლახან ვესაუბრე პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს, რათა ისრაელის უსაფრთხოების მიმართ ამერიკის მტკიცე მხარდაჭერა გამემეორებინა. მას ვუთხარი, რომ ისრაელმა აჩვენა თავდაცვისა და უპრეცედენტო თავდასხმების მოგერიების შესანიშნავი უნარები – ესაა მკაფიო გზავნილი მისი მტრებისთვის, რომ ისრაელის უსაფრთხოებას მარტივად ვერ დაემუქრებიან”, – აცხადებს ბაიდენი.

გუშინ გვიან ღამით ირანმა ისრაელს საკუთარი ტერიტორიიდან შეუტია და დრონები გაუშვა.

როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში ამბობენ, ჯამში, ისრაელისკენ გაუშვეს 170 დრონი, 30-ზე მეტი ფრთოსანი რაკეტა და 120 ბალისტიკური რაკეტა – IDF-ის ინფორმაციით, იარაღების გარკვეული რაოდენობა ნასროლი იყო ერაყისა და იემენის ტერიტორიიდან.

უწყების პრესსპიკერის, დანიელ ჰაგარის განცხადებით, მათი უმრავლესობა ისრაელის საჰაერო ძალებისა და „პარტნიორების” მეშვეობით განეიტრალებულია.