9 არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კოკა კაციტაძეს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამაცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე.
NGO-ები ასევე ეხმაურებიან ჟურნალისტების მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებასაც და ამბობენ, რომ „მსგავსი ღონისძიებები, რომლებითაც ჟურნალისტებს ხელი ეშლებათ სამუშაო პროცესში, არღვევს საერთაშორისო სტანდარტებს, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით დაცულ გამოხატვის თავისუფლებას”, ხოლო ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა კი, ასევე, არის სისხლის სამართლის დანაშაული.
განცხადება:
„24 საათზე მეტი გავიდა, რაც 2024 წლის 16-17 აპრილს რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის დაშლისას საპოლიციო ძალები ფიზიკურად გაუსწორდნენ მშვიდობიანი დემონსტრანტების ნაწილს.
საჯარო წყაროებზე დაყრდნობით იდენტიფიცირებულია სულ მცირე 10-ზე მეტი შემთხვევა, რომელიც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ არის გამოსაძიებელი, მათ შორის, 3 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია მიღებული დაზიანებების გამო. გარდა ამისა, სახალხო დამცველის ცნობით, 17 აპრილს პოლიციის მხრიდან პარლამენტის წევრის ალექსანდრე ელისაშვილის მიმართ გახორციელდა სავარაუდო არასათანადო მოპყრობა.
ამ დრომდე უცნობია, თუ რა არის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის პოზიცია, დაიწყო თუ არა გამოძიება ან რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური შექმნილია, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანო, რომელიც სამართალდამცავების მიერ ჩადენილ დანაშაულებს იძიებს. არსებითად მნიშვნელოვანია სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მყისიერი ნაბიჯების გადადგმით აჩვენოს საზოგადოებას, რომ საპოლიციო ძალების მიერ ღირსების შემლახავი ქმედებები არ იქნება შეწყნარებული სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ.
საგანგაშოა, რომ, გარდა დემონსტრანტებისა, 16 აპრილის ღამის საათებში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ მედიის წარმომადგენლებსაც, რომლებიც ადგილზე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ. მსგავსი ღონისძიებები, რომლებითაც ჟურნალისტებს ხელი ეშლებათ სამუშაო პროცესში, არღვევს საერთაშორისო სტანდარტებს, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით დაცულ გამოხატვის თავისუფლებას, ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა კი, ასევე, არის სისხლის სამართლის დანაშაული.
მოვუწოდებთ:
მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კოკა კაციტაძეს, დაუყოვნებლივ გააკეთოს განცხადება, და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცეს საპოლიციო ძალების წარმომადგენელთა მხრიდან აქციის მიმდინარეობისას აქციის მონაწილეების და ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებს; მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების დაწყებისა და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ”, – ნათქვამია განცხადებაში.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
- საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI)
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
- უფლებები საქართველო (RG)
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
- პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
- სამოქალაქო საზოგადოების ფონდი (CSF)
- ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)
- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)