კრამონი კობახიძეს: ევროპარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობა ეწინააღმდეგება „რუსულ კანონს"

პუბლიკა

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის შემდეგ, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონიც მიმართავს ირაკლი კობახიძეს და აღნიშნავს, რომ რუსული კანონის წინააღმდეგია ევროპარლამენტარების აბსოლუტური უმრავლესობა.

„ძვირფასო კობახიძე, არა, თარჯიმანს შეცდომა არ დაუშვია, არც გერმანიის ელჩს. ევროპარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობა ეწინააღმდეგება „რუსულ კანონს”. გთხოვთ, გაიწვიოთ კანონპროექტი. ევროკავშირი აღფრთოვანებულია ქართველების სიმამაცით და მათ გვერდით დგას”, – წერს ის.

დღეს ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაელ როთიმ საქართველოს პრემიერს მიმართა და თქვა, რომ ბუნდესტაგის „აბსოლუტური უმრავლესობა მკაცრად ეწინააღმდეგება „უცხოელი აგენტების კანონს”.


გერმანიის საელჩომ კანცლერის 12 აპრილს გაკეთებული განცხადების თარგმანი მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც მმართველი პარტიის წევრებმა ოლაფ შოლცის მათთვის მიუღებელი განცხადების დამახინჯებაში ქართველი თარჯიმანი დაადანაშაულეს.

თუმცა, საელჩოს მიერ ქართული თარგმანის გამოქვეყნებამდე საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა შოლცის განცხადება ინგლისურად თარგმნა და X(Twitter)-ზე გამოაქვეყნა. ასევე, გერმანიის კანცლერის კრიტიკული განცხადების სისწორე დაადასტურეს გერმანიის ბუნდესტაგის წევრებმა.

ირაკლი კობახიძემ 12 აპრილს გერმანიის კანცლერთან ერთად საერთო პრესკონფერენციაზე კვლავ გააგრძელა ის რიტორიკა, რომელსაც რუსულ კანონთან დაკავშირებით აქამდე აკეთებდა.

მან მანიპულაციურად აღნიშნა ისიც, რომ „[მსგავს კანონს] ცოტა ხნის წინ ევროკომისიამაც დაუჭირა მხარი”.

მოგვიანებით, სწორედ აღნიშნულ მოსაზრებას გამოეხმაურა კითხვის პასუხად გერმანიის კანცლერიც და აღნიშნა, რომ ევროკავშირში მსგავსი კანონმდებლობა არ არსებობს; რომ იქ მიმდინარეობს დისკუსია სხვადასხვა სფეროში გამჭვირვალობის შესახებ, რაც სრულიად სხვა კონცეფციაა.