საქართველოს პარლამენტში, სადაც ინტერპელაციის წესით შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს უსმენენ, „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე პოლიციის მუშაობა გააკრიტიკა.
მან დაგმო მოქალაქეების ცემა და ადმინისტრაციული წესით დაკავების პრაქტიკა. ნაცვლიშვილმა ისაუბრა თავის თანაგუნდელზე, ირაკლი კუპრაძეზე, რომელიც 16 აპრილს დააკავეს და გუშინ ღამე, სასამართლო სხდომის შემდეგ გაათავისუფლეს.
ნაცვლიშვილის შეფასებით, ნაცემი პოლიტიკოსი უარგუმენტოდ დატოვეს პატიმრობაში მაქსიმალური ვადით. მისი თქმით, კუპრაძის სამართალდარღვევის მტკიცებულება არ არსებობს, სამაგიეროდ არსებობს სამართალდამცველთა უფლებამოსილების გადამეტების არაერთი ფაქტი, რომელიც კრიტიკულმა მედიამ პირდაპირ ეთერში გადასცა. ნაცვლიშვილმა ხაზი გაუსვა იმას, რომ საბედნიეროდ, ჯერჯერობით, ქვეყანაში კრიტიკული მედია ისევ არსებობს.
„როდესაც საქართველოს ათასობით მოქალაქე გამოვიდა თბილისის ქუჩებში ამ დიდი უსამართლობის გასაპროტესტებლად, თქვენმა უწყებამ მათ უპასუხა ძალადობით.
არანაირი გამართლება არ აქვს იმას, რომ ოცდამეერთე საუკუნის ქვეყანაში, რომელიც ჯერ კიდევ კონსტიტუციის დონეზე საბედნიეროდ აცხადებს, რომ მას უნდა ცივილიზებული ევროპული მომავალი, დემონსტრანტების დაკავების დროს ხელმძღვანელობს საბჭოთა ქვეყანაში დაწერილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, რომელიც თარიღდება 1984 წლით. რა სიმბოლიზმია, რა ცინიზმია“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
მისი თქმით, ახალმა ხელისუფლებამ მოსვლისთანავე უნდა შეცვალოს ეს კანონმდებლობა და დაამტკიცოს, რომ არ აპირებს საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობას.
ამავე გამოსვლაში ანა ნაცვლიშვილმა ისაუბრა ზვიად ხარაზიშვილზე, რომელიც შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორია და არაერთ დარბევაში მონაწილეობდა.
„ძალოვანი მეტსახელად „ხარება“ – ჩვენ კარგად ვიცით და კარგად გვახსოვს, მაგრამ შეიძლება თქვენმა ამომრჩეველმა, თუ ასეთი კიდევ დაგრჩებათ, არ იცის. ამიტომ მე მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ ერთ-ერთი მთავარი ძალოვანი, ვინც ამ სასტიკ რუსულ სპეცოპერაციას ხელმძღვანელობდა ამ დღეების განმავლობაში, არის ადამიანი, რომელიც წინა ხელისუფლების დროსაც იყო სისტემაში და მაშინაც სისასტიკით გამოირჩეოდა და ამის შემდეგ თქვენ მიტრიალდებით და წინა ხელისუფლებაზე დაიწყებთ საუბარს. ეს რა სტანდარტია? დიდი თვალთმაქცობის სტანდარტი. ძალოვანებშიც დატოვეთ მოძალადეები, სწორედ იმიტომ, რომ კარგად იცოდით, რომ აქამდე მოვიდოდა ეს და დაგჭირდებოდათ ადამიანები, რომლებიც ყველაფერზე მოაწერდნენ ხელს“, – განაცხადა მან.
ანა ნაცვლიშვილის თქმით, ასეთი ადამიანები რჩებიან ყველა ძალოვან უწყებასა და სასამართლოში.
„ამ ხალხით დემოკრატიულ, სამართლიან სახელმწიფოს ვერავინ ააშენებს. ამიტომ ასეთი ადამიანებისგან უნდა გაიწმინდოს სისტემა, და გაიწმინდება კიდეც, აუცილებლად გაიწმინდება. ეს არ იქნება მარტივი საქმე, მაგრამ ეს საქმე სჭირდება ამ სახელმწიფოს მომავალს და ამ საქმეს იმსახურებენ ის სუფთა, ლაღი, პრინციპული და მებრძოლი ახალგაზრდები, რომელთა ათასობით მათგანმა ამ დღეების განმავლობაში ძალიან ღია გზავნილი გამოგიგზავნათ, რომ ისინი არასდროს იცხოვრებენ, არც საბჭოთა, არც პოსტ საბჭოთა, არც ახალ რუსულ ქართულ სახელმწიფოში“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
„ძალიან ხშირად ვახსენეთ ზვიად ხარაზიშვილი, რომელიც არის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი. ეს ადამიანი, ე.წ. ხარება თითქმის 30 წელია, რაც ძალოვან უწყებაში მუშაობს. ბევრი რაღაც აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის. მათ შორის ომში მონაწილეობა, ოპერაციებში მონაწილეობა, ერთ-ერთი გამორჩეული, ღირსეული ადამიანია.
მესმის, რატომაც გინდათ ამ ადამიანის დისკრედიტაცია მოახდინოთ. „გავწიოთ“, „მოხსნან“, „გომელაურიც გადადგეს“, „ხარაზიშვილიც გადადგეს“, ყველა გადადგეს. აქ გაჟღერდა, რომ დაიტოვეთ ძველი თანამშრომლები. 40 ათასი ადამიანი მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროში. ასევე უსაფრთხოების სამსახურში 90-იანი წლებიდან მუშაობენ და ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას. ძალიან ბევრი ახალგაზრდა აღზარდეს, მათ შორის, მეც ბევრი რაღაც მისწავლია. ჩემზე უფროსია ბევრი და ყველას პატივს ვცემ. ყველა უნდა გაგვეშვა 40 ათასი და ახლები უნდა მოგვეყვანა? ისეთ რაღაცას საუბრობთ, რაც წარმოუდგენელია, ვერავინ გააკეთებს, არც გააკეთებენ“, – განაცხადა დეპუტატების საპასუხოდ ვახტანგ გომელაურმა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი აქცია გადაიზარდა აქციის მონაწილეების მხრიდან ძალადობირვ ქმედებებში. მისი სიტყვებით, „მოქალაქეებს და პოლიციელებს შორის მომხდარი დაპირისპირება გამოიწვია სამართალდამცველების მიმართ გაჟღერებულმა გაუგონარმა შეურაცხყოფებმა“. გომელაურის ინფრომაციით, აქციებზე ჯამში დაკავებულია 40 ადამიანი და დაშავებულია 5 სამართალდამცველი.