ივანიშვილისა და დეპუტატების სანქცირება | ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტი რუსულ კანონზე

პუბლიკა

ევროპარლამენტში ინიციირებული ერთ-ერთი რეზოლუციის პროექტის თანახმად ევროპარლამენტარები ეწინააღმდეგებიან „ქართული ოცნების” მიერ წარდგენილ კანონპროექტს და აღნიშნავენ, რომ ის მსგავსია რუსეთის ფედერაციაში 2012 წელს მიღებული კანონისა.

პროექტის ავტორები არიან მირიამ ლექსმანი, რასა იუკნევიჩიენე, დევიდ მაკალისტერი, ანდრიუს კუბილიუსი და სხვები, რომლებიც აღნიშნავენ, რომ მისი მიღება არამხოლოდ დააზიანებს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, არამედ ძირს გამოუთხრის დამოუკიდებელი სამოქალაქო სექტორისა და მედიების საქმიანობებს.

ევროპარლამენტარები რეზოლუციის პროექტის ტექსტში ევროპარლამენტარები:

  • შეშფოთებას გამოთქვამენ უცხოური გავლენის აგენტების კანონპროექტის ხელახალი ინიციირების შესახებ; მიიჩნევენ, რომ კანონმდებლობა თავისი სულისკვეთებით შეუსაბამოა ევროკავშირის ღირებულებებსა და დემოკრატიულ პრინციპებთან. ხაზს უსვამენ, რომ კანონპროექტი არღვევს კომისიის რეკომენდაციების პუნქტებიდან მინიმუმ 2-ს მაინც (1-სა და მე-9-ს);
  • შეშფოთებას გამოთქვამენ რუსული სტილის აგენტების კანონზე და აცხადებენ, რომ სანამ მსგავსი კანონმდებლობა საქართველოს სამართლებრივი დღის წესრიგის ნაწილია, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რაც გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაციას ეხება სამუდამოდ უნდა შეწყდეს.
  • იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტი მიიღება, ევროპარლამენტარები მოუწოდებენ: ევროკავშირს, სანქციები დაუწესოს ყველა იმ დეპუტატს, რომელიც ხმას კანონის სასარგებლოდ მისცემს; საბჭოს, განიხილოს „ქართული ოცნების” ლიდერის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება; კომისიას, საქართველოსთვის ყველა ფინანსური დახმარების პირობად ამ კანონის გაუქმება განსაზღვროს;
  • მიიჩნევენ, რომ კანონის მიღების შემთხვევაში, მისი გავლენა იქნება ნეგატიური, შესაბამისად, მოუწოდებენ ევროკომისიას, რომ უნდა მომზადდეს შუალედური შეფასება 9 ნაბიჯის შესრულების შესახებ, ხოლო წლიური დასკვნა გამოქვეყნდეს ოქტომბრის დასაწყისში;
  • მოუწოდებენ მმართველ პარტიას, თავი შეიკავოს კანონის მიღებისგან და გაიწვიოს ის, რათა თავიდან აიცილოს საქართველოს ევროპული მომავლის პერსპექტივის საფრთხეში ჩაგდება;
  • მოუწოდებენ ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რომ ეს რეზოლუცია მიაწოდოს ევროკომისიის უმაღლეს წარმომადგენელს, ასევე, ევროკომისიას, ევროპულ საბჭოს და საქართველოს მთავრობას, პარლამენტის წევრებსა და პრეზიდენტს.