სებ: საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებები საბანკო ტრანზაქციებს არ ეხება 

პუბლიკა

საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ საგადასახაო კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომელიც აქტივების ოფშორული ზონებიდან საქართველოში მარტივად გადმოტანას გულისხმობს, არ ეხება საბანკო ტრანზაქციებს.

ეროვნული ბანკი წერს, რომ თანხის ჩარიცხვა/გადმორიცხვა ცალკე გადასახადით არ იბეგრება.

საქმე პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებულ კანონს ეხება, რომლის თანახმადაც, გარდამავალ დებულებებს ემატება ახალი ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ – შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნებში (ე.წ. ოფშორი) რეგისტრირებულ აქტივები, საქართველოში რეგისტირებულ კომპანიაზე გადმოფორმების შემთხვევაში, გათავისუფლებული იყოს მოგების/საშემოსავლო და იმპორტის გადასახადისგან.

სებ-ის განცხადებით, საქართველოს საბანკო სისტემის მხრიდან მსგავსი ტიპის ტრანზაქციები დღესაც მკაცრ შემოწმებას გადის.

„ამდენად, აღნიშნული ცვლილება არ გამოიწვევს პროცესების ცვლილებას საფინანსო სისტემაში, სახსრების წარმომავლობისა და კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის შესწავლა მოხდება იმავე მაღალი სტანდარტებით, როგორც ეს აქამდე ხდებოდა”. – აცხადებს ეროვნული ბანკი.

ეროვნული ბანკი ასევე მიუთითებს, რომ ქართულ კომერციულ ბანკებს დანერგილი აქვთ ანგარიშგების, გამჭვირვალობის უმაღლესი სტანდარტები. საფინანსო სისტემაში მოქმედებს შიდა სისტემები და კონტროლის ისეთი მექანიზმები, რაც მინიმუმამდე ამცირებს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების, ასევე სანქციებისთვის თავის არიდების რისკებს.

„სწორედ ამიტომ არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების მიუხედავად, დღემდე არ დაფიქსირებულა სანქცირებული პირის მიერ ტრანზაქციის შესრულების არცერთი შემთხვევა.

საქართველოს ეროვნული ბანკი, კანონმდებლობით გათვალისწინებული მანდატის ფარგლებში, როგორც ფულის გათეთრების აღმკვეთ კანონმდებლობასთან, ასევე სანქციების რეჟიმებთან შესაბამისობის კუთხით, კომერციული ბანკების ადგილზე ინსპექტირებისას, მუდმივად სწავლობს  სხვადასხვა იურისდიქციასთან დაკავშირებულ საბანკო ტრანზაქციებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებულია SWIFT-შეტყობინებების (ჩარიცხვა/გადარიცხვების) სკრინინგის მექანიზმების და იმპორტ-ექსპორტსა და რეექსპორტთან დაკავშირებული ტრანზაქციების შესწავლის გაიდლაინები, რომელთა შესაბამისადაც ოპერირებენ კომერციული ბანკები.

ამასთან, საერთაშორისო გადარიცხვები ევროპისა და ამერიკის უმსხვილესი საკორესპონდენტო ბანკების მეშვეობით ხორციელდება, რაც ადასტურებს, რომ საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები სტანდარტების სრული დაცვით, გამჭვირვალედ და არსებული რეგულაციების შესაბამისად ოპერირებენ.

თავის მხრივ, კომერციული ბანკების ადგილზე ინსპექტირების პრაქტიკა ცხადყოფს, რომ სანქციების რეჟიმებთან შესაბამისობის მიზნით, სათანადოდ ხდება კლიენტების და მათ მიერ განხორციელებული ტრანზაქციების შესწავლა და პრევენციული ზომების გატარება”. – აცხადებს ეროვნული ბანკი.