კანონდარღვევის ნებისმიერ ფაქტს კანონით გათვალისწინებული რეაგირება მოჰყვება - შსს აქციის მონაწილეებს

პუბლიკა

პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, შსს განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სამართალდამცველები მობილიზებულები არიან და იცავენ თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას.

„საკანონმდებლო ორგანოს შენობის გარშემო შეკრებილნი არიან აქციის მონაწილეები. შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, დეპუტატებისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლების პარლამენტის შენობიდან უსაფრთხოდ გადაადგილებისა და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით, საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებთანაც იმყოფებიან და მოუწოდებენ შეკრებილებს გაათავისუფლონ პარლამენტის შენობის შესასვლელი და გამოსასვლელი სივრცეები.

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოების შესასვლელების ბლოკირება და მათი საქმიანობის შეფერხება, აქედან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის ორგანიზატორებსა და თითოეულ მონაწილეს მოუწოდეს, არ დაარღვიონ კანონი, დაემორჩილონ სამართალდამცველების მითითებას და უზრუნველყონ, რომ აქციამ ჩაიაროს მშვიდ ვითარებაში. კანონდარღვევის ნებისმიერ ფაქტს სამართალდამცველების მხრიდან კანონით გათვალისწინებული რეაგირება მოჰყვება“,- ნათქვამია განცხადებაში.

პარლამენტის წინ აქცია „არა რუსულ კანონს“ მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის ორივე მხარეს, ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე გადაინაცვლეს, რათა პარლამენტისთვის ცოცხალი ჯაჭვი შემოევლოთ. ახლახან დასრულდა რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვა პარლამენტში. დღეს დეპუტატებმა სამი მუხლი განიხილეს და მოსმენა ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე განახლდება.