საქართველოს მოქალაქეობის მისაღებ ტესტებში აღარ არის კითხვები მიხეილ სააკაშვილის, ვარდების რევოლუციისა და ოკუპაციის შესახებ. ინფორმაცია თავდაპირველად „რადიო თავისუფლების” რუსულენოვანმა გამოცემამ, Ekho Kavkaza-მ გაავრცელა.
საუბარია საქართველოს ისტორიის ტესტებზე, რომლის ახალი წესები 2024 წლის პირველი მაისიდან ამოქმედდა. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ძველ ტესტში იძებნება კითხვები შემდეგი ფორმულირებით:
– დღეს რომელი სახელმწიფოს მიერაა საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებული?;
– რომელ წელს მოხდა „ვარდების რევოლუცია“ საქართველოში?;
– ვინ იყო საქართველოს მესამე პრეზიდენტი?;
– „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ საქართველოს ხელისუფლების სათავეში მოვიდა?;
– ჩამოთვლილთაგან რომელი სახელმწიფო არ აღიარებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის, დამოუკიდებლობას?.
თუმცა, 2024 წლის პირველი მაისიდან გამოქვეყნებულ ვერსიაში ეს კითხვები აღარ იძებნება.