სახლთან მელოდებოდნენ, ბეისბოლის ჯოხებივით ეკავათ რაღაც, მინიმუმ 2 მირტყამდა - გია ჯაფარიძე

პუბლიკა

„სახლთან მელოდებოდნენ, არ ვიცი ზუსტად რამდენი ადამინი იყო, ორი მინიმუმ იყო ალბათ იყო უფრო მეტიც, იმიტომ რომ ყველა მხრიდან იყვნენ, ერთ ადამიანზე მეტი რომ მირტყამდა ეგ ვიცი, ბეისბოლის ჯოხებივით რაღაც ეკავათ თეთრი ფერის და მერე როცა დამაგდეს არ ვიცი რამდენი მირტყამდა, ორი მინიმუმ, ბევრი ფეხი მხვდებოდა. კანონს რატომ ეწინააღმდეგებიო ეგეთიც თქვეს“,- უთხრა „მთავარ არხს“ გია ჯაფარიძემ, როემლსაც გუშინ თავს დაესხნენ.

„ტვინის შერყევა მაქვს, დაჟეჟილობა ბევრ ადგილას, ხანდახან უნდა გაილახო სამშობლოსთვის ეგ არაა პრობლემა, ამით ვერავის ვერ შეაშინებენ. ეს იყო ლაჩრული ჩასაფრება, ორგანიზებული ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ ამისი არ გვეშინია. ისევ იმავეს გავიმეორებ, არა რუსულ კანონს და არა რუსულ რეჟიმს! მე დავიბადე საბჭოთა კავშირში და ბავშვობიდან აქტიური ვიყავი საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ, კომუნისტების არ მეშინოდა და არ მგონია, სერგო ორჯონიკიძეების, მამია ორახელაშვილებისა და ფილიპე მახარაძეების ჩინურმა ვერსიებმა შეგვაშინოს.

ბრძოლა გრძელდება უნდა ვიყოთ მტკიცედ, დაუღლელები, ეს დაშინების მცდელობაა, მაგრამ ვერ შეგვაშინებენ. აქციებზე უნდა ვიყოთ მეტნი, ეს რუსული კანონი უნდა გავატანინოთ, რაც იქნება რუსული რეჟიმის დასასრული. ვაგრძელებთ ბრძოლას! ესაა რეჟიმის აგონიური მდგომარეობა. ჩვენ ვართ საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაკარგვის ზღვარზე და არ მგონია ამ მეთოდებმა გაამართლოს”,- ამბობს ჯაფარიძე.

გუშინ 8 მაისს თავს დაესხნენ ორბორბლიანთა მარშის თანაორგანიზატორს, ლაშა ღვინიანიძეს, ასევე, „ნაციონალური მოძრაობის” წევრს დიმა ჩიქოვანს.

ღვინიანიძის თქმით, თავს მაშინ დაესხნენ, როცა მეგობართან ერთად გადაადგილდებოდა, – ის ვარაუდობს, რომ მისი ადგილსამყოფელი მაშინ გაიგეს, როცა უცხო ნომრიდან შესულ ზარს უპასუხა.

ჩიქოვანის განცხადებით კი, მას თავს დაესხნენ მაშინ, როცა სახლთან მარტო იმყოფებოდა.

მოგვიანებით კი „გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ თავს დაესხნენ მის ძმასაც, რომელსაც სადარბაზოსთან დახვდნენ.