იმედი ვიქონიოთ, ამ კანონს არ მიიღებენ და არ მოგვიწევს შესაძლო უარყოფითი რეაქციების განხილვა - ჰერჩინსკი

პუბლიკა

„ამ ეტაპზე იმედი ვიქონიოთ, რომ ამ კანონს არ მიიღებენ და ჩვენ არ მოგვიწევს ევროკავშირის მხრიდან შესაძლო უარყოფითი რეაქციების განხილვა”,- ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ ევროპის დღის აღსანიშნავი ღონისძიების დაწყებამდე რუსთაველის თეატრში განუცხადა ჟურნალისტებს.

როგორც ელჩმა ჟურნელისტებს განუცხადა იმედოვნებს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პრობლემა მოგვარდება, რადგან კანონი არ შეესაბამება ევროპულ ნორმებსა და ღირებულებებს. მისივე თქმით, იმედი აქვს, რომ ჯერ კიდევ არის დრო ყველა შესაძლო პროცედურის გამოსაყენებლად, რათა ის კანონად არ იქცეს.

„ჩვენ გულწრფელად მოველით, რომ მოიძებნება ამ კანონპროექტის გაწვევის ან მისი სერიოზულად შეცვლის საშუალება“,- განაცხადა ელჩმა.

„ჯერ კიდევ არის დრო და პროცედურები, რათა არ მოხდეს ამ კანონის მიღება. გულწრფელად ვიმედოვნებ, ჩვენ პარლამენტის წევრებთან და ყველა პოლიტიკურ პარტიასთან ერთად შევისწავლით ყველა გზას, რომ ამ კანონის მიღება არ მოხდეს და შედეგებზე ფიქრი არ მოგვიწიოს. ამავე დროს, იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონი დამტკიცდება, რა თქმა უნდა, ბრიუსელში ლიდერებს, 27 წევრ სახელმწიფოსთან ერთად მოუწევთ რეაგირება და ვიმედოვნებ, ჩვენ არ გადავალთ ამ ეტაპზე – ნეგატიური მოვლენების სპირალზე.

მე არ მსურს, ქართველი ხალხი დაისაჯოს, რადგან საბოლოოდ ეს ნეგატიურად აისახება რიგით ადამიანებზე, თითოეულ პირზე. სწორედ ამიტომ, ამ მომენტში, მოცემულ გარემოებებში, ჩვენი ერთობლივი პასუხისმგებლობაა, უზრუნველვყოთ, რომ ამ ეტაპზე არ გადავიდეთ”, – თქვა ჰერჩინსკიმ. [„ფორმულას“ თარგმანი]