„ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პარტია, რომელიც ევროპის დღის ღონისძიებას არ ესწრება - დეპუტატების განცხადება

პუბლიკა

„დღეს რუსთაველის თეატრში აღვნიშნავთ ევროპის დღეს. ევროკავშირის ელჩმა მოიწვია ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, მაგრამ ერთადერთი პარტია, რომელიც ამ ღონისძიებას, ევროპის დღეს არ ესწრება, ეს არის „ქართული ოცნება“,– ამის შესახებ დეპუტატმა თამარ კორძაიამ რუსთაველის თეატრის წინ საპარლამენტო ოპოზიციის წევრების ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის ევროპის დრეს ძალიან დიდი დღეა, ჩვენ ვერ აღვნიშნავთ ამ დღეს იმის თქმის გარეშე, რომ გუშინ „ქართულმა ოცნებამ“ სწორედ ევროპის დღის საწინააღმდეგო მოქმედებები განახორციელა. მან გამოუცხადა ტერორი საკუთარ მოქალაქეებს. გუშინ მან ცალსახად აჩვენა საზოგადოებას, რომ მას არ შეუძლია განსხვავებული პოლიტიკური ხედვის ადამიანებთან თანაარსებობა.

უფრო მეტიც, ის გადასულია ტერორზე, ძალადობაზე. დავინახეთ, რომ შსს მინისტრი აბსოლუტურად ვერ გრძნობს პასუხისმგებლობას და დაკავებულია პოლიტიკური შურისძიებით იმიტომ, რომ იოლად ახერხებს მშვიდობიანი აქციის მონაწილეების იდენტიფიცირებას, მაგრამ ვერ ახდენს იმ მოძალადეების იდენტიფიცირებას, რომელიც პოლიტიკური პარტიების, აქციის მონაწილეების დევნას და ცემას ახორციელებენ ამ ქვეყანაში“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.