ოპოზიციონერმა ქალმა დეპუტატებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს მას შემდეგ, რაც პარლამენტში მესამე მოსმენით კომიტეტზე რუსული კანონი მიიღეს.
დეპუტატები ამბობენ, რომ მათ არ მიეცათ სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა, პარლამენტის შესასვლელებთან პოლიციამ შეაყოვნა და ვერ მოასწრეს სხდომაზე შესვლა.
ოპოზიონერი დეპუტატები ამბობენ, რომ კომიტეტის სხდომა, რომელიც 1 წუთი და 6 წამი გაგრძელდა, იყო არალეგიტიმური და სამარცხვინო.
მათი თქმით, „ქართული ოცნება“ ჩქარობს რუსული კანონის მიღებას და ქვეყნის რუსეთის გავლენის ქვეშ მოქცევას.
„პარლამენტში უმრავლესობას წარმოადგენენ რუსეთის წარმომადგენლები. პარლამენტში უმრავლესობა ატარებს არა ქართველი ხალხის ინტერესებს და ნებას, არამედ რუსეთის დავალებას ასრულებს. მათ[დეპუტატებს] თავისუფლად არც პარლამენტში შემოსვლა და არც გადაადგილება აღარ შეუძლიათ. პუტინისტები საქართველოს პარლამენტში პოლიციური დაცვის ქვეშ იპარებიან. ეს ყველაფერი დასრულდება ქართველი ხალხის გამარჯვებით, არჩევნებზე”, – თქვა სალომე სამადაშვილმა.
„ჩვენ არ მოგვეცა სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა, კიბეებზე ჩამოვდიოდით, როცა სხდომა დაიწყო, მანამდე პოლიციამ გარეთაც შეგვაყოვნა. არალეგიტიმური, სამარცხვინო სხდომა იყო. პარლამენტი ამ კანონის მიღებას და გათრევას არალეგიტიმურად, არალეგიტიმური სხდომებით ცდილობს. უკანონობა და არასამართლიანობაა, ის რაც ხდება”, – განაცხადა ხატია დენაკოიძემ.
„ხელისუფლება აპირებს, საქართველოს მეორედ გასაბჭოებას ხვალ მოაწეროს ხელი. ისინი [ოცნება] მძიმე პოლიტიკურ ფასს გადაიხდის ამისთვის, მათ შორის, საერთაშორისო სანქციების სახით. მათ უკვე აიღეს საგარეო კურსი რუსეთის მიმართულებით. ამის შეჩერება ერთობას და სიმტკიცეს შეუძლია”, – თქვა ანა ნაცვლიშვილმა.
„მორიგ ჯერზე დაარბიეს, სცემეს მშვიდობიანი მომიტინგეები იმისთვის, რომ ივანიშვილის პარტიის დეპუტაცია მალულად და მოღალატეობრივად შემოეპარებინათ და შემდეგ გაეპარებინათ პარლამენტის შენობიდან. მათ კომიტეტის სხდომა დაასრულეს ერთ წუთსა შვიდ წამში, ეს არის სწორედ მათი მონობის საზომი, რომ კანონი, რომლის გაწვევასაც ითხოვს მთელი ქვეყანა და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა, მათთვის წუთისა და შვიდ წამში არის განსახილველი. ეს არის სწორედ მონობის სახე ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლობის, რომელსაც არ შეეგუება თავისუფალი და თავისუფლების მოყვარე პროევროპელი ქართველი ხალხი”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
„თუ კი ვინმეს ჰქონდა კითხვა რატომ არის ეს კანონი რუსული, ზუსტად იმიტომ, რაც ხდება ახლა საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, ყველას, ვინც არ არის მათიანი ანუ ოცნების მხარდამჭერი, ყველას გვეძახიან მოღალატეებს, ყველას გვეძახიან აგენტებს, ზონდერები ღამ-ღამობით ადამიანებს ჩუმად თავს ესხმიან და სცემენ და ივანიშვილს, ფაქტობრივად, ტერორში ყავს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეები. ყოჩაღ, მართლა ყოჩაღ, ეს არის ყველაზე მკაფიო და ნათელი მაგალითი როგორ იქცა ეს ადამიანი იმის გაგრძელებად”, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
„1 წუთში დაასრულეს კომიტეტის სხდომა, 1 წუთი დასჭირდათ იმისთვის, რომ მიეღოთ რუსული კანონი. ეს აჩვენებს ოცნების შიშს და ოცნების განზრახულობას, რომ საქართველო აქციოს რუსეთის გავლენის ქვეყნად. დარწმუნებული ვარ, ამას არავინ შეეგუება და ხალხი ამას წინააღმდეგობას გაუწევს”, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
იურიდიულმა კომიტეტმა კანონპროექტი მესამე მოსმენით უკვე მიიღო. სხდომა ერთ წუთსა და 6 წამს გაგრძელდა – 09:01:10 საათზე გაიხსნა და 09:02:16-ზე დაიხურა.
რეგლამენტის მიხედვით, მესამე მოსმენაზე მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნებს განიხილავენ. ანრი ოხანაშვილმა დეპუტატებს განუცხადა, რომ მათ დარიგებული ჰქონდათ რედაქტირებული ვერსია, რის შემდეგაც საკითხი კენჭისყრაზე დააყენა და კენჭი უყარა.
კანონპროექტი მესამე მოსმენით პლენარულ სხდომაზე უნდა განიხილონ. მესამე მოსმენაზე კენჭისყრის შემდეგ კანონპროექტი საბოლოოდ მიღებული იქნება. ამის შემდეგ პარლამენტის მიღებული კანონი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეგზავნება.