12 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელს საქართველოს შესახებ წერილით მიმართავენ.
წერილს ხელს აწერენ: ჩეხეთის, ესტონეთის, საფრანგეთის, ირლანდიის, ლიეტუვის, პოლონეთის, დანიის, ფინეთის, გერმანიის, ლატვიის, ნიდერლანდებისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები.
წერილში ნათქვამია, რომ „ახლა პირდაპირ და მკაფიო გზავნილს დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად”.
„ჩვენ დიდი შეშფოთებით მოგმართავთ საქართველოში ვითარების სწრაფი გაუარესების გამო. ჩვენ წლების განმავლობაში მთელი გულით ვუჭერთ მხარს საქართველოს რეფორმების დღის წესრიგს და ევროპულ მისწრაფებებს. დღესაც ვაგრძელებთ ქართველ ხალხისა და მისი ევროპული არჩევანის – დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების მხარდაჭერას.
გასული წლის დეკემბერში საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა შემდგომი რეფორმების გატარების გააზრებით, განსაკუთრებით 9 პუნქტთან დაკავშირებით. ღრმად ვწუხვართ, რომ, როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობა საფრთხეს უქმნის საქართველოს წინსვლას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას.
ჩვენი პრინციპული პოზიციაა და ამ კონტექსტში გთხოვთ, ევროკომისიას მოახსენოთ, რა გავლენა აქვს ინიციირებულ კანონს 9 ნაბიჯის შესრულებაზე. გთხოვთ, ეს პრიორიტეტად გაიხადოთ და დარწმუნდეთ, რომ ეს საჯარო შეფასება გაკეთდება საქართველოს პარლამენტში კანონის საბოლოო კენჭისყრამდე”. – ნათქვამია 12 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ერთობლივ წერილში.