არასამთავრობო ორგანიზაციები ბოლო თვეებში მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ აგრძელებენ დემონსტრაციებზე დაკავებული/დაზარებული მოქალაქეების დაცვას.
ხელმომწერები მიუთითებენ, რომ საპროტესტო აქციების მუხტის შესუსტებისა და აქტივისტების დასჯის მიზნით, ხელისუფლება განაგრძობს არაპროპორციული ძალის გამოყენების, მასობრივი დაკავებების, არაადამიანური მოპყრობის და სისხლის სამართლებრივი დევნის პრაქტიკას.
„15 აპრილიდან 15 მაისის ჩათვლით, არასამთავრობო ორგანიზაციების ერთიან ცხელ ხაზზე შემოვიდა შეტყობინება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლების საფუძველზე დაკავებული 189 პირის შესახებ.
ასევე, მოგვმართა 30-მდე მშვიდობიანმა დემონსტრანტმა, რომლებსაც აჯარიმებენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე (ქალაქში ან სხვა დასახლებულ პუნქტში სატრანსპორტო საშუალებებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვა ან ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, როდესაც გზის სავალი ნაწილი სრულად არის დაკავებული), 150-ე, 150 (1), 150 (2) (სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებური შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ასევე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება და მუნიციპალიტეტის იერსახის დამახინჯება) და 174 (1)-ე (შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევა) მუხლების საფუძველზე.
პარალელურად, ჩვენი ინფორმაციით, 7 პირის მიმართ დაიწყო სისხლის სამართლის საქმის გამოძიება“, – ნათქვამია განცხადებაში.
NGO-ების ცნობით, დაკავებულების უმრავლესობა მიუთითებს დაკავების დროს სამართალდამცავების მხრიდან ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებზე. მათი თქმით, პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენებას უმეტეს შემთხვევებში აქვს ანგარიშსწორების სახე და არ უკავშირდება უკანონო წინააღმდეგობის ან სამართალდარღვევის აღკვეთას.
ამასთან, როგორც განცხადებაშია აღნიშნულია, რამდენიმე შემთხვევაში, სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებმა ძალის გადამეტების იმდენად მძიმე მეთოდები გამოიყენეს, რომ რამდენიმე დაკავებულს, დაზიანების სიმძიმიდან გამომდინარე, სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობა და გადაუდებელი ოპერაციის ჩატარება მოუწია.
„პრობლემურია, იმ დაკავებულების შესახებ ინფორმაციის მოძიება, რომლებიც სამართალდამცველებს პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავთ, რადგან დროულად ვერ ხდება მათი ადგილსამყოფლის დადგენა ადვოკატისა და ოჯახის მხრიდან. რამდენიმე შემთხვევაში, დაზიანებების მქონე დაკავებულები სამედიცინო დაწესებულებებში სამართალდამცავი პირების მიერ მიყვანილ გადაუდებელ პაციენტებად არ დაარეგისტრირეს.
ასეთ შემთხვევაში, მკურნალობის დასრულებისას დაკავებულებს თავად უწევთ მკურნალობის გარკვეული ხარჯების დაფარვა. ამასთან, ზოგიერთ საქმეში გამოიკვეთა, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორების მხრიდან არ ხდება დაზიანებების დეტალური აღრიცხვა, რაც პრობლემურია მათ შორის, გამოძიების სათანადოდ წარმართვისთვის”, – აცხადებენ არასამთავრობოები.
მათი განცხადებით, დაკავებული აქციის მონაწილეთა რაოდენობის, სხეულზე მიყენებული დაზიანებებისა და მათი მონათხრობის გათვალისწინებით, იკვეთება, რომ აქციის მონაწილეებზე ძალადობას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას სისტემური ხასიათი აქვს, რაც წახალისებულია გადაწყვეტილების მიმღები პირების მიერ.
„ხაზი უნდა გაესვას იმასაც, რომ რიგ შემთხვევებში აქციის მონაწილეებზე პოლიციელების მიერ განხორციელებული ძალადობა, თავისი ინტენსივობითა და სისასტიკის ხარისხით წამებას უტოლდება.
ამ ფაქტებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიეწოდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსაც, სადაც დაწყებულია გამოძიება საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტებზე. თუმცა, გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოება ამ დრომდე არ არის ინფორმირებული.
აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტების საწინააღმდეგოდ, მიმდინარე აქციებზე მობილიზებული არცერთი პოლიციელი არ ატარებს განმასხვავებელ ნიშანს, მათი უმეტესობა არის შენიღბული, რითაც მნიშვნელოვნად რთულდება დანაშაულთა ჩადენის შემთხვევაში მათი იდენტიფიცირება (იხ. ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, nos. 13186/20, პარაგრაფი 223). საგანგაშოა, რომ ამ ადამიანის უფლებათა შეუსაბამო პრაქტიკასთან დაკავშირებით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ამ დრომდე არ გაუკეთებია მკაფიო განცხადება.
შემაშფოთებელია, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პროკურატურის უმოქმედობა იმ პოლიციელთა მიმართ, რომელთა ვინაობა იდენტიფიცირებადია და მათი მხრიდან დანაშაულის ჩადენას არაერთი პირდაპირი მტკიცებულება ადასტურებს. მსგავს ფაქტებზე დაგვიანებული რეაგირება მაშინ, როდესაც იმთავითვე ნათელია სისხლისსამართლებრივი დევნისათვის საჭირო მტკიცებულებითი სტანდარტი, სამართალდამცავებში ახალისებს მსგავსი დანაშაულების ჩადენას”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
NGO-ები მოუწოდებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს:
– უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ადამიანის უფლებების დაცვასთან შეუთავსებელ და ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე;
– არ შეუშალოს ხელი მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვაში.
მოუწოდებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს:
– უზრუნველყოს სამართალდამცავების მხრიდან სავარაუდო თვითნებური დაკავებების, არაპროპორციული ძალის გამოყენების, დაკავებულთა მიმართ ფიზიკური ძალადობის სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება სათანადო კვალიფიკაციით;
– მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოებას პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების დაწყების, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და გამოძიების შედეგების შესახებ;
– დროულად მიანიჭოს დაზარალებულის სტატუსი იმ პირებს, რომლებსაც აპრილი-მაისის პერიოდში საპროტესტო აქციებზე გამოყენებული საპოლიციო მოქმედებების შედეგად მიადგათ ზიანი.
მოუწოდებენ საქართველოს პროკურატურას:
– განახორციელოს საკუთარი ექსკლუზიური უფლებამოსილება და სათანადო კვალიფიკაციით დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა იმ პოლიციელთა მიმართ, რომელთა მიერ დანაშაულის ჩადენაც არაერთი მტკიცებულებით არის დადასტურებული.