სომხეთმა პირველად დაუჭირა მხარი დევნილებზე საქართველოს რეზოლუციას გაეროში

პუბლიკა

გუშინ, 4 ივნისს ნიუ-იორკში გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, 78-ე სესიის ფარგლებში, საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 63 ქვეყნის მიერ ინიციირებული რეზოლუცია მიიღო, სახელწოდებით: „აფხაზეთიდან, საქართველოდან და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ”.

რეზოლუცია აღიარებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა დაბრუნების უფლებას თავიანთ სახლებში ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში.

რეზოლუციას წელს მხარი დამატებით სამმა სახელმწიფომ დაუჭირა, მათ შორის, პირველად ისტორიაში საქართველოს მეზობელმა სახელმწიფო სომხეთმა. სომხეთთან ერთად რეზოლუციას მხარი დამატებით დაუჭირეს – არგენტინამ და სამხრეთ აფრიკამ.

საერთო ჯამში, რეზოლუციას მხარი 103-მა სახელმწიფომ დაუჭირა, 9 ქვეყანამ რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა ხმა, 52 ქვეყანა კი კენჭისყრას არ ესწრებოდა.

ქვეყნები, რომლებმაც რეზოლუციის წინააღმდეგ მისცეს ხმა: ბელარუსი, ბურუნდი, კუბა, ჩრდილო კორეა, მალი, ნიკარაგუა, რუსეთი, სირია, ზიმბაბვე. რეზოლუციის კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა და შესაბამისად, მას მხარი არ დაუჭირა ჩინეთმა. კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა ირანმაც.