შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში, 44 წლის კაცი ორი ადამიანის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
უწყების ცნობით, კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე დაიწყო. გარდაცვლილია დაკავებულის მეზობელი და მეზობლის მეგობარი.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ყოფით თემაზე არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მეზობლად მცხოვრებ 1985 წელს დაბადებულ ბ.ბ. -ს და მის მეგობარს 1984 წელს დაბადებულ ნ.ა. -ს სანადირო თოფიდან რამდენიმე გასროლით ჭრილობები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ი.კ. ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ ორი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს”, – ნათქვამია განცხადებაში.