სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, არასრულწლოვანის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 19 წლის კაცი დააკავეს.
საგამოძიებოში აცხადებენ, რომ კაცმა 13 წლის გოგოს ინტიმური ფოტოები შანტაჟის გზით მოიპოვა და მოგვიანებით, დაზარალებულის დას და მამინაცვალს გაუგზავნა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის აპრილში, ბრალდებულმა, გამოგონილი სახელით სოციალური ქსელ ,,FACEBOOK“-ის საშუალებით 13 წლის გოგო გაიცნო. გაცნობიდან მალევე, მათ შორის მიმოწერამ მიიღო ინტენსიური ხასიათი, ისინი ყოველდღიურად საუბრობდნენ ერთმანეთთან „Facebook/Messenger“-ის ვიდეოზარების საშუალებით, რა დროსაც ბრალდებულმა დაშინებით და შანტაჟის გზით, დაზარალებული აიძულა მის წინაშე გაშიშვლებულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში ოჯახის წევრებისთვის ზიანის მიყენებით დაემუქრა.
2024 წლის მაისში, ბრალდებულმა არასრულწლოვანი დაზარალებულის 17 წლის დას და მამინაცვალს 13 წლის გოგოს ინტიმური შინაარსის ვიდეო-ფაილები გადაუგზავნა. ასევე, დაზარალებულის დასაც მოსთხოვა მის წინაშე გაშიშვლება, წინააღმდეგ შემთხვევაში დაზარალებულის ინტიმური ხასიათის ვიდეოჩანაწერების გასაჯაროებით დაემუქრა. უარის მიღების შემდეგ ბრალდებულმა სოციალური ქსელ ,,FACEBOOK“-ში გამოაქვეყნა დაზარალებულ არასრულწლოვანთან ვიდეოზარებით კომუნიკაციისას გადაღებული ინტიმური შინაარსის ვიდეოჩანაწერები”, – აცხადებენ სპეციალურ საგამოძიებოში.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო დაზარალებული არასრულწლოვანის დედის მომართვის შემდეგ. მათი ცნობით, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას მის მობილურ ტელეფონში ნანახია 13 წლის გოგოს ინტიმური ხასიათის ვიდეოჩანაწერები, რომლებიც მტკიცებულების სახით ამოიღეს.
ბრალდებული დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა – დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.