განახლება: MASSIVE ATTACK-მა დაწერა, რომ საქართველოში შოუ ადამიანის უფლებებზე თავდასხმის გამო გააუქმეს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, Black Sea Arena-ზე 28 ივლისს დაგეგმილი MASSIVE ATTACK-ის კონცერტი გაუქმებულია.
გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ კონცერტი „გაუთვალისწინებელი გარემოებების“ გამო გაუქმდა და ბილეთის თანხა მსმენელებს ეტაპობრივად აუნაზღაურდებათ.
Black Sea Arena-ს მენეჯმენტი დამატებით დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა „პუბლიკისთვის“ ცნობილია, რომ კონცერტის გაუქმება ქართული მხარის მიზეზით არ მომხდარა.
MASSIVE ATTACK-მა დაწერა, რომ საქართველოში შოუ ადამიანის უფლებებზე თავდასხმის გამო გააუქმეს.
„ასეთ დროს სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფ არენაზე პერფორმანსი შეიძლება ჩაითვალოს მშვიდობიანი საპროტესტო აქციების ძალადობრივი ჩახშობის და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ძალადობის მოწონებად“, – დაწერა ბენდმა.
რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების პარალელურად მოქალაქეები Massive Attack-ს საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ უყვებოდნენ და ხაზს უსვამდნენ, რომ მათი კონცერტი ხელისუფლების მიერ იყო ორგანიზებული. ჯგუფს წერილი გაუგზავნა მოძრობა „სირცხვილიამაც“.
ერთ-ერთ მოქალაქეს ჯგუფმა მისწერა, რომ მიწოდებულ ინფორმაციას „გამოიძიებდნენ”.
3 მაისს Massive Attack-მა სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა თბილისში, ანტირუსულ აქციებზე გადაღებული ფოტო და დაწერა: „სოლიდარობა სტუდენტებს – თბილისიდან აშშ-ს კამპუსებამდე – რომლებიც ეწინააღმდეგებიან ძალადობრივ სახელმწიფო რეპრესიებს“.