პარტია „ლელოში“ ამბობენ, რომ საჭიროა სუსში გატარდეს ფუნდამენტური რეფორმები, რაც პირველ რიგში გულისხმობს უწყების დეპოლიტიზებას.
„ლელოს“ ლიდერების განცხადებით, სუსი არ უნდა იყოს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები უწყება. „ის უნდა ჩადგეს არა მმართველი პარტიის, არამედ ქართველი ხალხის სამსახურში“.
პარტიაში ამბობენ, რომ ინსტიტუტის მიმართ ნდობა დაბალია, როგორც მოქალაქეებში, ასევე სამოქალაქო საზოგადოებასა და პოლიტიკურ წრეებში.
პარტია „ლელომ“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეფორმასთან დაკავშირებით თავისი ხედვა წარმოადგინა:
-
,,ლელო” მიიღებს ლუსტრაციის კანონს, რომლის მოთხოვნებსაც, პირველ რიგში, მკაცრად უნდა აკმაყოფილებდეს უსაფრთხოების სექტორში მომუშავე ყველა პირი;
-
დასრულდება უკანონო მოსმენები, თვალთვალი და ზემოაღნიშნული გზით მოპოვებული კრებსებით დანაშაულებრივი მანიპულაციები;
-
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ჩამოერთმევა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფუნქცია, რაც გადაეცემა საგამოძიებო ფუნქციით აღჭურვილ ახალ დამოუკიდებელ უწყებას – ეროვნულ ანტიკორუფციულ სააგენტოს, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტის წინაშე, მისი გადაწყვეტილებები კი გახდება საჯარო;
-
,,თავდაცვის და უშიშროების” კომიტეტი გაიყოფა ორ კომიტეტად – თავდაცვის კომიტეტად და ძალოვანი უწყებების კომიტეტად;
-
საქართველოს პარლამენტში გაუქმდება ნდობის ჯგუფის ფორმატი და უსაფრთხოების სექტორში საიდუმლო ნაწილის კონტროლი დაექვემდებარება ძალოვანი უწყებების კომიტეტს;
-
თავდაცვის კომიტეტის წინაშე ანგარიშვალდებული გახდება ქვეყნის თავდაცვაზე პასუხისმგებელი ყველა უწყება;
-
საპარლამენტო ოპოზიციას კანონით მიენიჭება უფლება, კომიტეტზე დაიბაროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, სავალდებულო წესით, სადაც ასევე უზრუნველყოფილი იქნება მედიის დასწრება და ეროვნული უსაფრთხოების თემატიკაში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ჩართვა;
-
გაიზრდება არასამთავრობო სექტორის როლი თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორზე კონტროლის პროცესში.