მოძრაობა „ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად” სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ სოფელ ბალდაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ორ დღეს აძლევენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რომ უთხრან პასუხი, როდის შეძლებს მინისტრი მათთან შეხვედრას.
„ბოლო დღეების განმავლობაში, სოფელ ბალდაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მისი ქვეუწყება, დაცული ტერიტორიების სააგენტო ამ დრომდე არ გამოხმაურებიან, მოსახლეობა 2 დღის ვადას ვაძლევთ, რა დროშიც უნდა გვითხრან პასუხი იმასთან დაკავშირებით, თუ როდის შეძლებს მინისტრი ჩვენთან შეხვედრას.
შეხვედრა საჯარო ფორმატში, შემდეგი კვირის განმავლობაში უნდა გაიმართოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მოგვიწევს კონკრეტული ზომების მიღება”, – ნათქვამია განცხადებაში.
11 ივნისის ღამეს ბალდის კანიონთან დაგეგმილი მშენებლობის მოწინააღმდეგეებს საპროტესტო კარავში თავს დაესხნენ.
მოძრაობა „ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად” აცხადებს, რომ საღამოს 11 საათისთვის კარავში სანადირო თოფით და დანებით მივიდა ორი ადამიანი, რომლებიც რამდენიმე დღის წინ ბალდის კანიონში დაგეგმილი მშენებლობის ინვესტორი კომპანიის ვიდეოში გამოჩნდნენ.
აქტივისტ ცოტნე თვარაძის ინფორმაციით, კარავში აქტივისტებმა მოახერხეს სიტუაციის განეიტრალება და შემთხვევა მსხვერპლის გარეშე დასრულდა, თუმცა კარვისკენ მიმავალ გზაზე შეიარაღებულმა პირებმა ცივი იარაღით ყურის არეში დაჭრეს აქტივისტების თანასოფლელი, რომელიც მათთვის სანადირო თოფის წართმევას ცდილობდა.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2 ადამიანი დააკავა. დაკავებულები არიან ძმები – 1979 წელს დაბადებული გ.ხ. – განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით და 1983 წელს დაბადებული გ.ხ. – მუქარის ბრალდებით.
დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ასევე, სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით დაკავებულია „ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად“ წევრი. როგორც მოძრაობა აცხადებს, დიკო ბჟალავა დაკავებულია თავდასხმაში ბრალდებულის მეუღლის საჩივრის საფუძველზე.