კახა კალაძის თქმით, თბილისის მერია პარლამენტთან, 9 აპრილის ქუჩის რეაბილიტაციას იწყებს

პუბლიკა

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, მერია პარლამენტთან, 9 აპრილის ქუჩის რეაბილიტაციას იწყებს. ამის შესახებ მან თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოები 15 ივნისს დაიწყება და ივლისის თვეში დასრულდება. სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, 9 აპრილისა და მიმდებარე ქუჩებზე შეიცვლება საავტომობილო მოძრაობის სქემაც.

„ეს არის რუსთაველის გამზირიდან პავლე ინგოროყვას ქუჩის კვეთამდე არსებული მონაკვეთი. პროექტის ფარგლებში შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომლებიც უმძიმეს მდგომარეობაშია.

მიწისქვეშ მოეწყობა კაბელ-არხები,  სადაც საჰაერო ელექტროსადენები განთავსდება, მოწესრიგდება ტროტუარები და სავალ ნაწილზე ასფალტის საფარი დაიგება. გარდა ამისა, დამონტაჟდება გარე განათების ქსელი LED  სანათებით.

სამუშაოების მიმდინარეობისას 9 აპრილის ქუჩაზე მოძრაობა სრულად შეიზღუდება. ამასთან, ზაქარია ჭიჭინაძის ქუჩაზე აიკრძალება ავტომობილების პარკირება და მოძრაობა შესაძლებელი იქნება ორმხრივად, ხოლო ჩიტაძის ქუჩაზე მოძრაობის მიმართულება შეიცვლება და მოძრაობა შესაძლებელი იქნება ჭონქაძის ქუჩის მიმართულებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.