რუსეთში, BRICS-ის თამაშებზე საქართველოს და ოკუპირებული რეგიონების დროშები გამოჩნდა

პუბლიკა

რუსეთში, ქალაქ ყაზანში „ბრიკსის თამაშების“ გახსნის ღონისძიებაზე ოკუპირებული რეგიონების და საქართველოს დროშა გამოიტანეს.

„ბრიკსის თამაშებში“ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლები მონაწილეობენ. თუმცა, ქართული მხარე ამბობს, რომ საქართველოს მხრიდან მონაწილეობას ღონისძიებაში არავინ იღებს.

BRICS-ის 2024 წლის თამაშების ოფიციალური ვებგვერდზე არის ინფორმაცია, რომ საქართველოდან შეჯიბრებაში მონაწილეობას ქართველი სამბოისტები ნინო ოძელაშვილი და ელენე ქებაძე იღებენ. თუმცა, „პუბლიკას” საქართველოს სამბოს ეროვნულ ფედერაციაში უთხრეს, რომ ისინი „ბირსკის თამაშებში” არც დამოუკიდებლად და არც ფედერაციის მხრიდან არ მონაწილეობენ.

„პუბლიკას” სამბოს ფედერაციაში ისიც უთხრეს, რომ ნინო ოძელაშვილი და ელენე ქებაძე ახლა საქართველოში არიან და ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რატომ იყო მითითებული მათი გვარები BRICS-ის 2024 წლის თამაშების ოფიციალური ვებგვერდზე, თავადაც აზუსტებენ და არკვევენ.

„პუბლიკა” ასევე ცდილობს დეტალების გარკვევას საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და  კულტურის და სპორტის სამინისტროსთან. რატომ გამოჩნდა რუსეთში საქართველოს დროშა და ექნებათ თუ არა ამაზე რეაგირება.

რუსეთში, „ბრისკის თამაშები” ოფიციალურად ოთხშაბათს, 12 ივნისს გაიხსნა. გახსნის ცერემონიაზე სიტყვებით გამოვიდნენ რუსეთის მაღალჩინოსნები, მათ შორის – რუსეთის სპორტის მინისტრი მიხაილ დეგტიაროვი. სპორტსმენებს ვიდეოჩართვით მიმართა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და თამაშები გახსნილად გამოაცხადა.

„ბრიკსის თამაშები“ სპორტული ღონისძიებაა, რომელიც „ბრიკსის“ ალიანსის წევრი ქვეყნების მიერ არის ორგანიზებული და ყოველწლიურად იმართება. „ბრიკსი“ არის 10 ქვეყნის ალიანსი. ალიანსი ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ერთობა იყო. სახელი სწორედ ამ სახელმწიფოების ინგლისური დასახელებისგან შემდგარი აბრევიატურაა (BRICS).

2024 წლის პირველი იანვრიდან ჯგუფი გაფართოვდა და ახალი წევრები დაემატათ: ირანი, საუდის არაბეთი, ეგვიპტე, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ეთიოპია.

პირველი „ბრიკსის თამაშები“ ჩინეთში ჩატარდა 2017 წელს. 2021 წელს მას ინდოეთმა უმასპინძლა, 2023 წელს სამხრეთ აფრიკაში ჩატარდა, 2024 წელს კი უკვე რუსეთში, თათრეთში, ქალაქ ყაზანში იმართება.

ამჟამად რუსეთი, უკრაინაში შეჭრისა და მისი ტერიტორიის ანექსიის ფონზე, საერთაშორისო სპორტული ღონისძიებებიდან – მათ შორის ოლიმპიური თამაშებიდან – გარიცხულია.