მოვუწოდებ გარემოს დაცვის სამინისტროს, შეხვდეს დაინტერესებულ მოქალაქეებს ბალდის კანიონზე - ომბუდსმენი

პუბლიკა

სახალხო დამცველი სოფელ ბალდაში განვითარებული მოვლენებს ეხმაურება. მოძრაობის წევრების თქმით, რომლებიც ბალდის კანიონში დაგეგმილ მშენებლობას აპროტესტებენ, 11 ივნისის ღამეს მათ თავს დაესხა ორი ადამიანი და ცივი იარაღით დაჭრეს ბალდის მცხოვრები.

მოგვიანებით კი პოლიციამ თავდამსხმელის ცოლის საჩივრის საფუძველზე, სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით, მოძრაობის წევრი დააკავა. ამ მოვლენების შემდეგ, მოძრაობის წევრებმა გარემოს დაცვის მინისტრთან საჯარო შეხვედრა მოითხოვეს. ომბუდსმენი, რომელიც ამ მოვლენებს ეხმაურება, მოუწოდებს სამინისტროს, რომ გამართონ დაინტერესებულ საზოგადოებასთან შეხვედრა.

„სახალხო დამცველი შეშფოთებულია სოფელ ბალდაში განვითარებული მოვლენებით და მიიჩნევს, რომ არსებული მდგომარეობა დღითიდღე კიდევ უფრო დაძაბულ და საშიშ ფორმებს იღებს.

ამდენად, აუცილებელია, სახელმწიფომ გადადგას ყველა ქმედითი ნაბიჯი სიტუაციის განსამუხტად და კრიზისიდან გამოსვლის გზების მოსაძებნად; აღნიშნულის მისაღწევად კი პროტესტის მონაწილეებთან დიალოგსა და მედიაციას ალტერნატივა არ აქვს.

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდაში არსებული კრიზისული ვითარების, ასევე, თავად განსახილველი საკითხის განსაკუთრებული მნიშვნელობის გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელებს – გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა რესურსი და უახლოეს დღეებში უზრუნველყონ დაინტერესებულ საზოგადოებასთან შეხვედრა, მაქსიმალურად გაითვალისწინონ შეხვედრის მოსახლეობისთვის სასურველი ფორმატი და ხელი შეუწყონ ნდობაზე დაფუძნებულ და შედეგზე ორიენტირებულ დიალოგს“, – აცხადებს სახალხო დამცველი.

12 ივნისის ღამით, ბალდაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მოძრაობამ „ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად“ გარემოს დაცვის მინისტრს მოუწოდა, რომ მათთან საჯარო შეხვედრა შემდეგ კვირაში გამართოს.