POG: 111 მოქალაქის კუთვნილ 10 108 695 ლარს დაეუფლნენ, 5 პირს ბრალდება წარედგინა

პუბლიკა

პროკურატურის ინფორმაციით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, 111 მოქალაქის კუთვნილი 10 108 695 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე 5 პირს ბრალდება წარედგინა.

უწყების ცნობით, ბრალდებულებმა თითქოსდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით, სხვადასხვა წლებში კომპანიები დააფუძნეს, ბინების შეძენის მსურველ მოქალაქეებთან ნასყიდობის ხელშეკრულებები გააფორმეს, თანხა გამოართვეს, თუმცა ბინები არ გადასცეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ორგანიზებული ჯგუფი ჩამოაყალიბეს თითქოსდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით, სხვადასხვა წლებში შპს „დელუქს დეველოპმენტი“ და შპს „დემაქს გოთუა“ დააფუძნეს.

აღნიშნული კომპანიების წარმომადგენლებმა ბინის შეძენით დაინტერესებულ მოქალაქეებთან ნასყიდობის ხელშეკრულებები გააფორმეს, რომლის საფუძველზეც კორპუსის მშენებლობის დასრულებისა და მესაკუთრეთათვის უძრავი ქონების გადაცემის ვალდებულება აიღეს, რის შემდეგაც დაზარალებულებმა ორივე კომპანიის საბანკო ანგარიშებზე დიდი ოდენობით თანხები ჩარიცხეს.

აღნიშნულის მიუხედავად, ბრალდებულებმა არ უზრუნველყვეს კორპუსის მშენებლობის დასრულება და დაზარალებულთათვის შეძენილი ფართების საკუთრებაში გადაცემა. ხსენებული დანაშაულებრივი სქემით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები 111 მოქალაქის კუთვნილ დიდი ოდენობით – 10 108 695 ლარს დაეუფლნენ”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურის ცნობით, დაკავებულ სამ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე მუხლით ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა ორ პირს და უწყების ინფორმაციით, მათი ადგილსამყოფლის დადგენის და დაკავების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები ხორციელდება.