„დაკავებულს მუშტებს, ფეხებს ურტყამდა" - 2017 წლის საქმეზე ყოფილი ინსპექტორი დააკავეს

პუბლიკა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჩატარებული ხელახალი გამოძიებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავა.

მას ბრალად ედება პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში მოქალაქე ვლადიმერ მჭედლიშვილის მიმართ ჩადენილი არასათანადო მოპყრობა.

საგამოძიებოში აღნიშნავენ, რომ 2017 წლის 15 მაისს ქალაქ სიღნაღში, ქორწინების სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაზარალებული ვლადიმერ მჭედლიშვილი თანმხლებ პირებთან ერთად ალკოჰოლურ სასმელს სვამდა, რა დროსაც მასთან მივიდნენ სიღნაღის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები.

გამოძიების თანახმად, ერთ-ერთმა პოლიციელმა – გ. ნ.-მ მოუწოდა, შეეწყვიტა საჯარო სივრცეში ალკოჰოლური სასმლის მიღება, რასაც მათ შორის შელაპარაკება მოჰყვა.

„პოლიციის თანამშრომლებმა მჭედლიშვილი დააკავეს ადმინისტრაციული წესით და გადაიყვანეს სიღნაღის პოლიციის სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც ინსპექტორ-გამომძიებელი გ. ნ. რამდენიმე წუთის განმავლობაში დაკავებულს მუშტებს და ფეხებს გვერდების და თავის არეში ურტყამდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.

ძალადობის შედეგად დაკავებულს დაუდგინდა ნეკნების მოტეხილობა და სხვა მრავლობითი დაზიანებები მიიღო”, – აცხადებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.

მათი ცნობით, მომხდარზე გამოძიება 2017 წელს დაიწყო – პარალელურად კი დაზარალებულმა საკუთარი უფლებების დასაცავად სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა, რომელმაც საქმეზე გადაწყვეტილება 2023 წლის 14 დეკემბერს მიიღო და დაზარალებულ მჭედლიშვილის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (წამების/არაადამიანური მოპყრობის აკრძალვა) დარღვევა დაადგინა. ამ გადაწყვეტილების შემდეგ საქართველოს ხელახალი გამოძიების ჩატარების ვალდებულება გაუჩნდა.

„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საქმე 2024 წელს გადმოიბარა და ხელახალი გამოძიების ჩატარება უზრუნველყო. განახლებული გამოძიების ფარგლებში სამსახურმა საქმეში უკვე მოპოვებულ მტკიცებულებებთან ერთად, ახალი გარემოებების დადგენა უზრუნველყო, რა მიზნითაც ჩატარდა კომისიური სასამართლო-სამედიცინო და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზები, მოძიებულ იქნენ ფაქტის თვითმხილველი მოწმეები და ამოღებული იქნა საქმისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია”, – ნათქვამია განცხადებაში.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებითვე, ხელახალი გამოძიებისა და მოპოვებული მტკიცებულებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებისთვის დააკავეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინსპექტორ-გამომძიებელი გ. ნ., რომელმაც უწყება 2021 წელს დატოვა.

სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული 5 დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.