ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე ამბობს, რომ გლდანის ციხეში აპრილში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ 20 წლის ახალგაზრდას „ტიტუშკები” მიუგზავნეს.
უფლებადამცველის თქმით, დაკავებულს აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ასევე ძალადობდნენ მასზე ფსიქოლოგიურად. იყო ფიზიკური ანგარიშსწორების მცდელობაც, თუმცა ადვოკატი ამბობს, რომ სხვა პატიმრებმა „ტიტუშკებს” ამის შესაძლებლობა არ მისცეს.
„რუსულმა ხელისუფლებამ თავისუფალი ახალგაზრდები ტყვედ აიყვანა და გლდანის ციხეში გამოკეტა, მაგრამ ამ ყველაფრით არ დაკმაყოფილდა და უკვე ახალგაზრდებთან კრიმინალი „ტიტუშკები“ მიაგზავნა ციხის დაწესებულებაში და თვითონ საკანში, სადაც იძალადეს ფსიქოლოგიურად, ფიზიკურად და უნდოდათ, მათზე განეხორციელებინათ ფიზიკური ანგარიშსწორება, მაგრამ იქვე მყოფებმა გადაარჩინეს ეს ახალგაზრდა, ვერ მოხდა ამ ადამიანზე ფიზიკური ანგარიშსწორება. ე.წ. ბადრაგი, დაგვიანებით მივიდა, როდესაც ეს „ტიტუშკა“ კრიმინალი გაჰყავდათ საკნიდან, მას პირველი კითხვა დაუსვა – სად მიგყავართ, ტელეფონთან? აქედანაც ჩანს, რომ ეს ყველაფერი იყო წინასწარ დაგეგმილი, შეთანხმებული და ე.წ. „აჩოტების” ჩაბარება უნდოდა დამკვეთთან. ეს ყველაფერი არის არაადამიანური საქციელი, არის სისხლის სამართლის დანაშაული, როდესაც პატიმარ ადამიანთან შიგნით, საკანში შეუშვებ კრიმინალ „ტიტუშკას”, რომ მასზე იძალადოს ფიზიკურად”, – განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.
„პუბლიკას” დაუკავშირდა იუსტიციის სამინისტროს, სადაც გვითხრეს, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
ადვოკატის თქმით, საუბარია 20 წლის ბიჭზე, რომელიც დააკავეს აპრილში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ორი მუხლით – 353 პრიმა, პოლიციელზე თავდასხმა და 187-ე, სხვისი ნივთის დაზიანება.
დაკავებულს, ადვოკატის თქმით, წინასწარი 2-თვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული. მორიგი პროცესი 1 ივლისს გაიმართება.
ადვოკატი ამბობს, რომ მიმართეს სახალხო დამცველსაც. ომბუდსმენს საკითხზე განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.