კობახიძე: კანონის მიღების შემდეგ EU-ს წევრობის მოლაპარაკებების გახსნის შანსები გაიზარდა

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე კვლავ ამბობს, რომ მათ EU წევრობის მოლაპარაკებების გახსნის საკითხით აშანტაჟებენ, ისევე, როგორც 2022 და 2023 წლებში.

მისივე მტკიცებით, რუსული კანონის ინიციირების შემდეგ ამ მოლაპარაკებების გახსნის შანსები საქართველოსთვის 0-დან 20-30%-მდე გაიზარდა.

„კანონის ინიციირებამდე ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების გახსნის შანსი იყო 0. ამ დასკვნის საშუალებას ჩვენ გვაძლევდა ის შეხვედრები, რომლებიც იმართებოდა ევროკავშირის კონკრეტულ წარმომადგენლებთან. დღეს ეს შანსი გაზრდილია 20-30%-მდე”. – თქვა ირაკლი კობახიძემ.

რეალურად, პირიქით, საქართველოსთან ევროკავშირი წევრობის მოლაპარაკებებს არ ხსნის იმის გამო, რომ ხელისუფლებამ რუსული კანონი მიიღო და „დემოკრატიულ გზას გადაუხვია“.

ამასთან, ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა, ევროკავშირმა დაიწყოს გაწევრების მოლაპარაკებები უკრაინასა და მოლდოვასთან.