საქართველოში ამერიკის ელჩის, რობინ დანიგანის თქმით, შტატების სანქციების ქვეშ მოხვედრილ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მათთან დაახლოებულ პირებს, ვისაც ამ დრომდე ამერიკის ვიზა ჰქონდა, ვიზის არავალიდურობის შესახებ უკვე ეცნობა. – ამის შესახებ ელჩმა „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია ძალიან მკაფიო იყო იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო მდივანი გადახედავდა ურთიერთობებს სრულად და ბლინკენიც მკაფიოდ აცხადებდა, რომ საქართველოსკენ მიმართული მთელი დახმარება კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.
„უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯები, რაც უკიდურესად შემაშფოთებელია. ერთ-ერთი მათგანი არის დეზინფორმაცია და ნეგატიური რიტორიკა დასავლეთის წინააღმდეგ, კიდევ ერთი მაგალითი არის „უცხოური აგენტების“ კანონი, რაც გვჯერა, რომ არის ქართველი ხალხის გაცხადებული მისწრაფებების საწინააღმდეგო. კიდევ ერთი ნაბიჯი არის ძალადობისა და დაშინების შემთხვევები მშვიდობიანი აქციის მონაწილეების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების წინააღმდეგ.
ყველა ამ ნაბიჯმა მიგვიყვანა სამწუხარო გარემოებამდე, სადაც ახლა ვართ – ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო შეზღუდვები დააწესა. მსურს კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ არავის ამერიკის შეერთებულ შტატებში არ გვსურს ამის გაკეთება. ჩვენ გვსურს დავუბრუნდეთ პოზიტიურ პარტნიორობას საქართველოს ხელისუფლებასთან, მაგრამ უკანასკნელმა ქმედებებმა მიგვიყვანა იქამდე, რომ სახელმწიფო მდივანმა განსაზღვრა, რომ იმ პირებსა და მათ ოჯახის წევრებზე, რომლებსაც წვლილი მიუძღვით ამ ქმედებებში, რაც ძირს უთხრის დემოკრატიას, ავრცელებს დეზინფორმაციას, ძალადობს მოქალაქეების წინააღმდეგ, რომ მათ შეეზღუდებოდათ ამერიკაში შესვლა.
შეზღუდვის პირველი ტრანში უკვე განხორციელდა და იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ვიზა, ეცნობათ, რომ მათი ვიზა ვალიდური აღარ არის და მათ ვისაც არ აქვთ ვიზა, ვეღარ მიიღებენ მას. სახელმწიფო მდივანი ძალიან მკაფიო იყო, რომ, დიდი ალბათობით, კიდევ იქნება შემდგომი შედეგები. უნდა მომხდარიყო თუ არა ეს? არა! ვისურვებდი საქართველოს ხელისუფლების მიერ კურსის ცვლილების ხილვას და მათ მიერ ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომ ჩვენ აღარ დაგვჭირდეს მეტი შეზღუდვების დაწესება“, – განაცხადა დანიგანმა.
დანიგანის თქმით, იმ დროს, როცა ის საქართველოში ჩამოვიდა და კელი დეგნანი შეცვალა, ჰქონდა ინფორმაცია, რომ იყო „გარკვეული გამოწვევები ჩვენს ურთიერთობაში“. მისი მიზანი იყო, ემუშავა საქართველოს ხელისუფლებასთან, „რათა დავბრუნებოდით ამ მდიდარი პარტნიორობის კურსს, რომელიც გვაქვს”.
ელჩი აღნიშნავს, რომ თავიდან იყო გარკვეული პროგრესი, თუმცა ბოლო თვეებში საქართველოს ხელისუფლების ქმედებები, მისი შეფასებით, „შემაშფოთებელია“.
შეკითხვაზე, რა იგულისხმება ორმხრივი ურთიერთობების გადახედვაში და შეჩერდება თუ არა ფინანსური დახმარებები ან შეწყდება თუ არა სამხედრო თანამშრომლობა, რობინ დანიგანი პასუხობს, რომ აშშ-ის არ სურს ამ ნაბიჯის გადადგმა, თუმცა „ძალიან რთულია ძლიერი პარტნიორობის გაგრძელება ყველა ამ მიმართულებით, თუ ხელისუფლება მტრად განგვიხილავს”.
„ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები და მათ შორის პრემიერ-მინისტრი აცხადებენ, რომ იმედი აქვთ ჩვენი ურთიერთობის ძველ რელსებზე დაბრუნების. მაგრამ ჩვენ ასევე ძალიან მკაფიოები ვიყავით, რომ სახელმწიფო მდივანი გადახედავს ურთიერთობებს სრულად, კონკრეტული თანამშრომლობიდან დაწყებული, მათ შორის მხარდაჭერას ყველა სააგენტოს გავლით.
ევროკავშირმა წარმოადგინა ძალიან საინტერესო სტატისტიკა ინფოგრაფიკაში, რომელიც აჩვენებს, რომ ევროკავშირის დახმარების ტოპ ათი მიმღები ხელისუფლების სამინისტროები ან სააგენტოებია, იმავენაირად ამერიკის შეერთებული შტატების დახმარების დიდი ნაწილი მიდის ან პირდაპირ ხელისუფლების სამინისტროების მხარდასაჭერად ან ხელისუფლების პოლიტიკის მხარდასაჭერად.
ჩვენი მხარდაჭერა ეხმარება ადამიანებს შეზღუდული შესაძლებლობებით, ჩვენ ვეხმარებით დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების ოჯახებს, ვეხმარებით საავადმყოფოების თანამშრომლებს, დახმარებას ვუწევთ სკოლებს უმცირესობებით დასახლებულ ადგილებში, ჩვენ დავეხმარეთ საქართველოს თავდაცვის ძალების შექმნაში, გაწვრთნასა და აღჭურვაში, დავეხმარეთ სასაზღვრო დაცვის შექმნაში, გაწვრთნასა და აღჭურვაში, ჩვენ დავეხმარეთ საირიგაციო სისტემის შექმნაში.
ეს არის პარტნიორობის უდიდესი ქსელი, რომელიც ამ ქვეყანაში შევქმენით და სახელმწიფო მდივანი ბლინკენი ძალიან მკაფიო იყო, რომ სამწუხაროდ, მთელი ეს დახმარება რისკის ქვეშ დგას. ჩვენ არ გვსურს ამის გაკეთება, მაგრამ ასევე ნათლად აღვნიშნეთ, რომ ძალიან რთულია ძლიერი პარტნიორობის გაგრძელება ყველა ამ მიმართულებით, თუ ხელისუფლება მტრად განგვიხილავს და საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წევრი გაკეთებულ ზოგიერთ განცხადებაში გვახასიათებს ჩვენ და ევროკავშირს როგორც მტერს“, – აღნიშნა დანიგანმა.
6 ივნისს, სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში რუსული კანონის მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა.
სანქცია გულისხმობს სავიზო შეზღუდვებს და ის შეეხება „ქართული ოცნების” წევრებს, პარლამენტის წევრებს, ძალოვანებს და კერძო პირებს. საერთო ჯამში, 30-მდე ადამიანს.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მტკიცებით, „ჩვენ გადავამოწმეთ, დღემდე არც ერთ დეპუტატს არ მისვლია შეტყობინება სავიზო შეზღუდვების დაწესების თაობაზე”. მისი შეფასებით, ამ გადაწყვეტილების „პრაქტიკული დატვირთვა არის რეალურად ნულოვანი”.
თბილისის მერისა და „ოცნების” გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით კი, „არ არსებობს ამერიკული სანქციები, არსებობს ამერიკული მეგობრობა, სტრატეგიული პარტნიორობა და ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება, გადაიტვირთება და უფრო მეგობრული გახდება”.