GWP-ის მაგისტრალური მილსადენის დაზიანების საქმეზე გამოძიება დაიწყო

პუბლიკა

ჯორჯიან უოეთერ ენდ ფაუერის ( GWP) მაგისტრალური მილსადენის დაზიანების საქმეზე გამოძიება დაიწყო.

როგორც „პუბლიკას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე და 306-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას და გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გარეშე საქმიანობის განხორციელებას ითვალისწინებს.

GWP-ის განცხადებით, სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომლის საშუალებითაც თბილისისა და ქალაქ მცხეთის მიმართულებით სასმელი წყლის ტრანსპორტირება ხდება, ავარიულად დაზიანდა.

„ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენის დაზიანებული მონაკვეთი მდებარეობს მდინარე არაგვის ხეობაში. ჯივიპისგან დამოუკიდებლად, მესამე პირების მიერ, დროთა განმავლობაში ხდებოდა აღნიშნული ტერიტორიის ნაყარი მასალით შევსება, რამაც წარმოქმნა დიდი ზომის გეოლოგიურად არასტაბილური მიწის ფერდობი.

ხელოვნურად ნაყარი მიწის მასა დიდ ფართობზეა გაშლილი, არის მეწყერული და ნებისმიერი მანიპულაციის დროს იწყებს ჩამოშლას. შესაბამისად, რთულდება როგორც ცოცხალი ძალით, ასევე ტექნიკით მუშაობა.

ჯივიპის თანამშრომლები დაზიანების დაფიქსირების მომენტიდან ადგილზე არიან მობილიზებული, მიუხედავად ურთულესი და სიცოცხლისთვის საშიში სამუშაოებისა, შრომის უსაფრთხოების სტანდარტების სრული დაცვით, გუშინვე მოხდა მილის ტექნიკური დათვალიერება და დიაგნოსტირება.

დიაგნოსტირების შედეგად დადგინდა, რომ მესამე მხარის მიერ დიდი ოდენობით დაყრილი მასალის ზეწოლამ გამოიწვია ჯივიპის ცენტრალური წყალსადენის რამდენიმე მონაკვეთის დეფორმირება და გადაბმის ადგილების ერთმანეთისგან დაშორება.

ურთულესი ტექნიკური დაზიანების აღმოსაფხვრელად აუცილებელია შემოვლითი ქსელის მოწყობა. ალტერნატიული ქსელის მოწყობის მიზნით გუშინვე დავიწყეთ გეოლოგებთან და შესაბამის ტექნიკურ ჯგუფებთან ერთად საგანგებო გეგმის შემუშავება და მოსამზადებელი სამუშაოების წარმოება”, – ნათქვმია განცხადებაში.