საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ხელმოწერით, გამოქვეყნდა ბრძანება საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ახალი მექანიზმი 2024 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება.
როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, მასწავლებლის შრომის ანაზღაურება მოიცავს თანამდებობრივ სარგოს და დანამატებს.
მასწავლებლის თანამდებობრივი სარგო დაანგარიშდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: მასწავლებლის განათლება და კვალიფიკაცია; სამუშაო სტაჟი; სამუშაო დატვირთვა;
მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე დანამატები დაანგარიშდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: სამუშაოს სპეციფიკა: კლასკომპლექტი; არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე ქართული ენის (არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის), საქართველოს ისტორიისა და საქართველოს გეოგრაფიის სწავლება; კლასის დამრიგებლობა;სკოლის მაღალმთიან დასახლებაში მდებარეობა; წამყვანი მასწავლებლის და მენტორი მასწავლებლის ფუნქციის შესრულება.
დოკუმენტიდან უცვლელად გთავაზობთ დაანგარიშების სქემას კონკრეტული კრიტერიომების მიხედვით:
მასწავლებლის განათლება და კვალიფიკაცია
1. მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოს გაანგარიშებისას განსაზღვრულია მასწავლებლის განათლებისა და კვალიფიკაციის შესაბამისი ოდენობა:
ა) ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი – 20 ლარი;
ბ) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, აგრეთვე 2000 წლის ჩათვლით მიღებული 4-წლიანი უმაღლესი პედაგოგიური განათლება – 40 ლარი;
გ) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი – 100 ლარი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ოდენობები გაიცემა კვირაში 15 საგაკვეთილო საათის და მეტი დატვირთვის შემთხვევაში სრულად, ხოლო კვირაში 15 საგაკვეთილო საათზე ნაკლები დატვირთვის შემთხვევაში, საათობრივი დატვირთვის პროპორციულად.
სამუშაო სტაჟი
1. მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოს გაანგარიშებისას განსაზღვრულია მასწავლებლის სამუშაო სტაჟის შემდეგი ოდენობა:
ა) 0-დან 5 წლის ჩათვლით – 15 ლარი;
ბ) 5-დან 10 წლის ჩათვლით – 30 ლარი;
გ) 10 წლის ზემოთ – 45 ლარი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ოდენობები გაიცემა კვირაში 15 საგაკვეთილო საათის და მეტი დატვირთვის შემთხვევაში სრულად, ხოლო კვირაში 15 საგაკვეთილო საათზე ნაკლები დატვირთვის შემთხვევაში, საათობრივი დატვირთვის პროპორციულად.
სამუშაო დატვირთვა
მასწავლებლის თანამდებობრივი სარგო სამუშაო დატვირთვის შესაბამისად განისაზღვრება შემდეგი სახით:
მასწავლების სამუშაოს სპეციფიკა
მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოს სამუშაო სპეციფიკის გათვალისწინებით გაანგარიშებისას, მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე დანამატები განისაზღვრება შემდეგი სახით:
ა) კლასკომპლექტით სწავლება – 40,50 ლარი;
ბ) არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე ქართული ენის (არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის), საქართველოს ისტორიის ან/და საქართველოს გეოგრაფიის სწავლება – 40,50 ლარი;
გ) კლასის დამრიგებლობა – 101,25 ლარი.
მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლის მასწავლებლის დანამატი
მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლის მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე დანამატი, სრული ან სრულზე მეტი დატვირთვის შემთხვევაში, განისაზღვროს 150 ლარის ოდენობით, ნაწილობრივი დატვირთვის შემთხვევაში, საათობრივი დატვირთვის პროპორციულად.
მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლის მასწავლებლის დანამატი არ არის დამოკიდებული მასწავლებლის განათლებაზე ან/და კვალიფიკაციაზე ან/და სამუშაო სტაჟზე.
წამყვანი მასწავლებლის და მენტორი მასწავლებლის ფუნქციური დანამატი
წამყვანი მასწავლებლის და მენტორი მასწავლებლის ფუნქციური დანამატი ეძლევა მასწავლებელს, რომელიც ასრულებს წამყვანი ან მენტორი მასწავლებლის ფუნქციას და აქვს კვირაში არანაკლებ 1 საგაკვეთილო საათი.
წამყვანი მასწავლებლის და მენტორი მასწავლებლის ფუნქციური დანამატი განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:
ა) წამყვანი მასწავლებლის ფუნქციური დანამატი – 150 ლარი;
ბ) მენტორი მასწავლებლის ფუნქციური დანამატი – 300 ლარი.
ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მასწავლებელს წამყვანი ან მენტორი მასწავლებლის ფუნქციის შესრულება, საკუთარი გადაწყვეტილებით და სკოლის თანხმობით, შეუძლია მხოლოდ ერთ სკოლაში, რისთვისაც მიეცემა შესაბამისი ფუნქციური დანამატი.
სამუშაო საათები
სკოლის საშტატო განრიგით გათვალისწინებული პირებისა (გარდა მასწავლებლისა და საინფორმაციო მენეჯერისა) და სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში დასაქმებული შტატგარეშე მოსამსახურეების სამუშაო დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 10 საგაკვეთილო საათს. საინფორმაციო მენეჯერის სამუშაო დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 16 საგაკვეთილო საათს.
დოკუმენტში ასევე განხილულია მასწავლებლის შრომის ანაზღაურების გამოთვლის მაგალითი:
ამ მაგალითის მიხედვით, პედაგოგს, რომელსაც აქვს სამუშაო დატვირთვა – კვირაში 18 საგაკვეთილო საათი; ასევე აქვს მაგისტრის აკადემიური ხარისხი ან 2000 წლის ჩათვლით მიღებული 4-წლიანი უმაღლესი პედაგოგიური განათლება; აქვს 10 წლის ზემოთ სამუშაო სტაჟი; ამასთანავე არაქართულენოვან სკოლაში ასწავლის საქართველოს ისტორიას და არის კლასის დამრიგებელი. დოლუმენტის მიხედვით, ამ შემთხვევაში მასწავლებლის ერთი თვის შრომის ანაზღაურება შეადგენს 2,016.75 ლარს.
დოკუმენტის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.