ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს

პუბლიკა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების საქმეზე საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს.

უწყებაში აცხადებენ, რომ ბრალდებულმა 6 მაისს ბათუმის სავაჭრო ცენტრში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ დარეკა. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იდენტიფიცირებულია სხვადასხვა პერიოდში ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სავაჭრო ცენტრებში, სასწავლო დაწესებულებებსა და საერთაშორისო აეროპორტებში განხორციელებული ცრუ შეტყობინების ათეულობით ფაქტი”, – აცხადებენ სუს-ში.

სუს-ის განცხადებით, კონტრტერორისტული გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ შეტყობინებების დიდი ნაწილი განხორციელებულია საზღვარგარეთიდან – კერძოდ, იდენტიფიცირებულია კონკრეტული ქვეყნები, ელექტრონული ფოსტები და IP მისამართები.