„აღმოვაჩინე, რომ ჩემს სახლში 7 უცნობი პირია რეგისტრირებული“; „მეც დამჭირდა ვიღაც უცნობის ამოწერა; „მეც ეს პრობლემა მაქვს; „ერთმა ადამიანმა თავის მისამართზე 19 უცხო ადამიანი აღმოაჩინა“… – ამის შესახებ მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერენ და წუხან, რომ მათ სახლში უცხო პირები არიან რეგისტრირებულები.
გამომდინარე იქიდან, რომ რეგისტრაციის ადგილის შეცვლა ზოგადად მარტივი პროცედურაა, შესაძლოა ეს პოლიტიკური ანდაც სხვა ინტერესის მქონე პირებმა არაკეთილსინდისიერად გამოიყენონ და მეპატრონის გვერდის ავლით დარეგისტრირდნენ თქვენს მისამართზე.
იმისთვის, რომ გაიგოთ, არის თუ არა უცნობი პირი თქვენს მისამართზე რეგისტრირებული, ამისთვის სპეციალურად შექმნილი, ოფიციალური ვებგვერდი არსებობს: https://voters.cec.gov.ge/
ვებგვერდზე რომ შეხვალთ, დაგჭირდებათ თქვენი გვარისა და პირადი ნომრის შეყვანა, დააჭერთ ძებნას და ამოგიგდებთ ინფორმაციას, თუ სად ხართ რეგისტრირებული, როგორც ამომრჩეველი. ამ საფეხურის შემდეგ კი თქვენ დაინახავთ კიდევ ერთ ღილაკს – „ამ მისამართზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა სია”.
ამ ღილაკს რომ დააწვებით, ჩამოიშლება ყველა იმ ადამიანის სახელი და გვარი, ვინც თქვენს მისამართზეა რეგისტრირებული. სწორედ ამ ჩამონათვალში შეიძლება აღმოაჩინოთ თქვენთვის უცნობი სახელი და გვარი.
და რა ხდება შემდეგ? შემდეგ უნდა მიმართოთ იუსტიციის სახლს. ამისთვის კი ორი გზა არსებობს:
პირველი – ერთ შემთხვევაში იუსტიციის სახლში მისვლა შეუძლია ბინის მესაკუთრეს. პირველ ეტაპზე მესაკუთრე დაწერს განაცხადს და ასევე გამოითხოვს მისამართზე რეგისტრირებულ პირთა სიას, რომლის დამზადებასაც 10 სამუშაო დღე სჭირდება; იუსტიციის სახლში გვეუბნებიან, მან ასევე უნდა წარადგინოს კომუნალური გადასახადების ქვითარი.
სიის მომზადების შემდეგ რეგისტრაციიდან მოხსნაზე დამატებით მიმართავს იუსტიციის სახლს.
მეორე – განმცხადებლისა და ორი მოწმის მისვლა იუსტიციის სახლში. ასეთ შემთხვევაში განმცხადებელი (არა მესაკუთრე) დაადასტურებს, რომ რეგისტრაციიდან მოსახსნელი პირები არ ცხოვრობენ მისამართზე, იმავეს დადასტურება მოუწევს ორ თანმხლებ სრულწლოვან მოწმესაც. ასეთ შემთხვევაში მათ იუსტიციის სახლში მისვლა მეორედ აღარ მოუწევთ.
კიდევ ერთი რჩევა – იუსტიციის სახლს აქვს ონლაინ კონსულტაციის შესაძლებლობა. თუ გჭირდებათ დამატებით დაკვალიანება თქვენი ინდივიდუალური შემთხვევის შესახებ, შეგიძლიათ პირველადი კონსულტაცია ონლაინ გაიაროთ და იუსტიციის სახლს უფრო მომზადებული ეწვიოთ.
„საარჩევნო პროცესისთვის საარჩევნო სიის სრულყოფა უმნიშვნელოვანესია“ – ISFED-ის დირექტორი ნინო დოლიძე გვიხსნის, რატომაა მნიშვნელოვანი, რომ თითოეულმა მოქალაქემ გადაამოწმოს თავი სიაში და არ დაიზაროს იუსტიციის სახლში მისვლა უცნობი პირების ამოსაწერად.
„ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სიები იყოს ზუსტი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩევლები ინტერესდებიან საკუთარი რეგისტრაციის მისამართით და ასევე, ხომ არ არის ვინმე რეგისტრირებული მათ მისამართზე. ეს აქტიურობა ნამდვილად წაადგება საარჩევნო პროცესს, იმიტომ, რომ ინფორმირებული არჩევანი ერთ-ერთი მთავარი გარანტორია არჩევნების უკეთესად ჩატარების.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებმა პროაქტიულად მიიღონ მონაწილეობა სიების გასწორებაში და თუკი არიან მათ მისამართზე უცნობი ადამიანები არიან რეგისტრირებულები, მოახდინონ ამაზე რეაგირება და მოახერხონ ამ ადამიანების რეგისტრაციიდან მოხსნა მოხდეს არჩევნებამდე”, – აცხადებს ნინო დოლიძე „პუბლიკასთან”.