ცაჰკნა: საქართველოსთვის არ იქნება EU-სკენ ნაბიჯები, თუ მთავრობა არ შეცვლის ქმედებებს

პუბლიკა

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა ამბობს, რომ საქართველოსთვის ევროკავშირისკენ წინსვლა შეუძლებელი იქნება, იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა თავის ქმედებებს არ შეცვლის და უკან არ გაიწვევს რუსულ კანონს.

ამის შესახებ მან ლუქსემბურგში მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„მნიშვნელოვანი გზავნილია, რომ არ იქნება არავითარი წინგადადგმული ნაბიჯი ევროკავშირისკენ საქართველოსთვის, თუ ეს მთავრობა არ შეცვლის თავის ქმედებებს, არ წაიღებს უცხოური აგენტების კანონს უკან.

ევროკომისიამ მოამზადა შემზღუდავი ზომების სია და იქნება განხილვები სხვადასხვა დაფინანსების, ასევე, მაღალი დონის ოფიციალური პირებისთვის ვიზების შეზღუდვის შესახებ. საქართველოს შესახებ სიტუაცია სერიოზულია და ყველა პასუხისმგებლობა მთავრობის მხრებზეა, რადგან ქართველი ხალხი ევროკავშირისკენ გზის მხარდამჭერია”, – განაცხადა მან.

დღეს საქართველოს შესახებ ლუქსემბურგში მსჯელობა გაიმართება. „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი წერს, რომ ევროკავშირში საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები ჯერ არ მიუღიათ, თუმცა შესაძლოა მალე იყოს მოკლევადიანი ზომები, მათ შორის დახმარების შეჩერება.

როგორც მანამდე იოზვიაკი წერდა, საქართველოს შესახებ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ვარიანტების დოკუმენტი გაეგზავნათ.

მისი თქმით, ხანმოკლე შეზღუდვები მოიცავს დაფინანსების შეწყვეტას, ხოლო სიტუაციის მნიშვნელოვნად გაუარესების შემთხვევაში, განიხილება ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაც.

კერძოდ, იოზვიაკის ინფორმაციით, სავარაუდო ვარიანტები ასეთია:

მოკლევადიანი ზომები: დაფინანსების დროებით შეჩერება, მაღალი დონის შეხვედრების შეჩერება;

სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში: ინდივიდუალური სანქციები, ვიზები დიპლომატიური პასპორტებისთვის, სამხედრო/ჰუმანიტარული დახმარების შეწყვეტა;

სიტუაციის მნიშვნელოვანი გაუარესების შემთხვევაში: ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერება.