„ვერთიანდებით „ქართული ქარტიის გარშემო" — 6-მა პარტიამ ხელი მოაწერა ერთიანობის დეკლარაციას

პუბლიკა

6 ოპოზიციური პარტია – „ნაციონალური მოძრაობა”, „ლელო”, „დროა”, „ახალი”, „სტრატეგია აღმაშენებელი”, „გირჩი მეტი თავისუფლება” ერთიანობის დეკლარაციას აწერს ხელს, რაც გულისხმობს გაერთიანებას, როგორც არჩევნებამდე ასევე, არჩევნების შემდეგ.

პარტიების განცხადებით, ერთიანდებიან „ქართული ქარტიის“ და ქარტიის მიზნების გარშემო, როგორც ის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წარადგინა.

მათი თქმით, ერთიანდებიან შემდეგი მიზნების მისაღწევად – „გავათავისუფლოთ ბიძინა ივანიშვილის მიერ მიტაცებული სახელმწიფო ოლიგარქიისა და მის მორჩილებაში მყოფი პარტია „ქართული ოცნების“ მმართველობისგან; – დავაბრუნოთ საქართველო ევროკავშირში სწრაფი ინტეგრაციის გზაზე”.

„ხელმომწერები ვთანხმდებით:

– გავაძლიეროთ ძალისხმევა მოახლოებულ არჩევნებამდე, იმისათვის, რომ არ დაიკარგოს არც ერთი საარჩევნო ხმა, რადგან 5% ბარიერის გადალახვა არ წარმოადგენდეს პრობლემას;

– არაუგვიანეს 2024 წლის 8 ივლისამდე, მოვნახოთ ყველაზე ეფექტური კონფიგურაცია ჩვენი ერთიანობისა, რომელიც მაქსიმალური შედეგის მომტანი იქნება არჩევნებში;

– ეთიკური ფარგლების დაცვით გავაგრძელოთ ქვეყნის წინაშე მდგომი საკითხების განხილვა და მოვერიდოთ ერთმანეთზე თავდასხმებს არჩევნებამდე და მის შემდეგ;

– ერთიანი ძალისხმევით დავუპირისპირდეთ ქართული ოცნების პროპაგანდას;

– შევთანხმდეთ, ერთიანი მმართველი კოალიციის ჩამოყალიბებაზე არჩევნების შემდგომ, „ქართულ ქარტიაში“ მოცემული პუნქტების შესასრულებლად;

– ავიღოთ ვალდებულება, რომ ახალ პარლამენტში არ მივცეთ ხმა ისეთი მთავრობის ფორმირებას, რომელშიც ქართული ოცნება მიიღებს მონაწილეობას;

– საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარი დავუჭიროთ ერთიან საპრეზიდენტო კანდიდატს;

– სტრატეგიული პოლიტიკური მიზნებისა და საქმიანობის გარშემო გავერთიანდეთ საპროტესტო სამოქალაქო მოძრაობებთან და აქტივისტებთან, რომლებიც იბრძოდნენ და კვლავაც იბრძვიან დემოკრატიის დასაცავად და საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე დასაბრუნებლად;

– მოვუწოდოთ და მობილიზება გავუკეთოთ საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ამომრჩევლების მაქსიმალურ მონაწილეობას არჩევნებში და ვთხოვოთ პარტნიორ ქვეყნებს არსებული პროცესის ხელშეწყობა;

– შევთანხმდეთ ძალისხმევის გაერთიანებაზე, რათა დავიცვათ ყველა საარჩევნო ხმა და ხელი შევუშალოთ არჩევნების გაყალბებას;

– ვთხოვოთ დასავლელ პარტნიორებს, გამოიყენონ ყველა არსებული საშუალება, რათა დაიცვან საქართველოს მოქალაქეების უფლება, მონაწილეობა მიიღონ სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებში, რადგან ამის შესაძლებლობა შეიძლება გამიზნულად შეიზღუდოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ;

– მოვუწოდოთ OSCE/ODIHR-ს, ევროპარლამენტს, ევროპის საბჭოსა და სხვა უწყებებს, უზრუნველყონ საპარლამენტო არჩევნებზე გრძელვადიანი დაკვირვება.

მათი განცხადებით, სურვილის შემთხვევაში, სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც შეუძლიათ ერთიანობის დეკლარაციას შეუერთდნენ და ხელი მოაწერონ.