სახალხო დამცველის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოში რუსულ კანონზე პოზიციას ან სასამართლოს მეგობრის მოსაზრების ან დამატებითი სარჩელის სახით წარადგენს. მისი თქმით, ომბუდსმენი გაეცნობა არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელს და გადაწყვეტილებას შემდეგ მიიღებს.
„ჩვენ გვქონდა რამდენიმე შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან. ჩვენი ინფორმაციით, ისინი აპირებენ ამის გასაჩივრებას საკონსტიტუციო სასამართლოში. ჩვენ დაველოდებით სარჩელის შინაარსს, გადავხედავთ სარჩელს და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რა ფორმით იქნება ჩვენი ინტერვენცია, ეს იქნება სასამართლოს მეგობრის მოსაზრება, რომელიც შეავსებს ამ პროცესს… თუ დავინახავთ, რომ არის ის პრობლემური საკითხები, რომლებიც ჩვენ მიგვაჩნია გამოტოვებულად, მაშინ შეიძლება ჩვენც წარვადგინოთ დამატებითი სარჩელი. ყველა შემთხვევაში, ჩვენ ჩვენს მოსაზრებას საკონსტიტუციო სასამართლოს ამ განხილვის პერიოდში ან ერთი ფორმით, ან მეორე ფორმით წარვუდგენთ“, – განაცხადა მან.
არასამთავრობო ორგანიზაციები რუსული კანონის გაუქმების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ.
ორგანიზაციები აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო არ იმოქმედებს დროულად, გამოიყენებენ ალტერნატიული სამართლებრივი დავის გზას. პარალელურად კი, მათი განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივრის წარსადგენად ემზადებიან.