სოფელი ზოდის გადარჩენისთვის მოძრაობის კიდევ ერთი წევრი აცხადებს, რომ თავს დაესხნენ

პუბლიკა

სოფელი ზოდის გადარჩენისთვის მოძრაობის კიდევ ერთი წევრი აცხადებს, რომ თავს დაესხნენ. როგორც კოტე აბდუშელიშვილი ჰყვება, მას თავს დაესხნენ 51-ე სკოლასთან – მისი თქმით, თავდამსხმელები ნიღბებით იყვნენ და გაქცევა მოახერხეს.

„51-ე სკოლის წინ თავდასხმა მოხდა, მცემეს, მე მგონი, ტვინის შერყევას გადარჩენილი ვარ. პატრული მოსულია, დაზიანებები მაქვს. წამაქციეს და მირტყამდა სამი ადამიანი”, – აცხადებს ის.

„პუბლიკა” მომხდარზე დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. უწყების პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

მანამდე, სოფელი ზოდის გადარჩენისთვის შექმნილი facebook-გვერდმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ცნობით, მათ თანამებრძოლს, ნიკო გაფრინდაშვილს 22 ივნისს სახლის სადარბაზოსთან თავს დაესხნენ. მას ტვინის შერყევა აქვს.

სოფლის მცხოვრებლები მომხდარს 30 ივნისს დაგეგმილ საპროტესტო აქციას უკავშირებენ. ისინი ეფექტურ გამოძიებასა და მოძალადეებისა და დამკვეთების დასჯას მოითხოვენ.


მოსახლეობა სოფელ ზოდში მანგანუმის მოპოვებითი სამუშაოების შეჩერებასა და გაცემული ლიცენზიის გაუქმებას მოითხოვს.

მათი თქმით, სოფელ ზოდში წარმოებული მოპოვებითი სამუშაოების გამო ნაპრალები გაუჩნდა მიწას, დაჩქარდა ისედაც მიმდინარე მეწყრული პროცესები და, რიგ შემთხვევებში დაზიანდა სოფლის ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი გარემო, მათ შორის: გზა, საცხოვრებელი სახლები და ა.შ. გარდა ამისა, მოპოვების ადგილები მიტოვებულია და საფრთხეს უქმნის როგორც მოსახლეობას, ისე პირუტყვსა და ბუნებრივ გარემოს – სხვა სოფლებში იყო ადამიანების დაღუპვის შემთხვევებიც.