ევროპული საბჭო: მოვუწოდებთ ხელისუფლებას, კურსის ცვლილებით სიცხადე შეიტანოს განზრახვებში 

პუბლიკა

2024 წლის 27 ივნისს ევროპულმა საბჭომ მიიღო დასკვნები უკრაინის, საქართველოს, ახლო აღმოსავლეთის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის, კონკურენტუნარიანობის, შემდეგი ინსტიტუციური ციკლისა და შიდა რეფორმების სამომავლო მუშაობის სამოქმედო გეგმის შესახებ.

საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ევროპული საბჭო სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს. კერძოდ, დასკვნაში ნათქვამია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” მიღებული კანონი კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკომისიის რეკომენდაციაში მითითებულ ნაბიჯებთან მიმართებაში უკუსვლას  წარმოადგენს.

ევროპული საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სიცხადე შეიტანოს თავის განზრახვებში არსებულ მოქმედებათა კურსის ცვლილების საშუალებით, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას და გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად გაჩერებამდე მიჰყავს.

ევროპული საბჭო მოუწოდებს, რომ საქართველოში შეწყდეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური ლიდერების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ დაშინების, მუქარისა და ფიზიკური თავდასხმის მზარდი შემთხვევები.

საბჭო კვლავ აღნიშნავს, რომ ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელიც ევროკავშირში გაწევრებისკენ მიისწრაფვის, არსებითია იმ ღირებულებებისა და პრინციპების პატივისცემა, რომელსაც ევროკავშირი ეფუძნება.

ევროპული საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყოს, რომ  საპარლამენტო არჩევნები ამ შემოდგომაზე იყოს თავისუფალი და სამართლიანი და მხარს უჭერს პარტნიორების მხრიდან არჩევნებზე გრძელვადიან და მოკლევადიან სიღრმისეულ დაკვირვებას. საბჭო სიტუაციაზე ყურადღებით დაკვირვებას განაგრძობს.

ევროპული საბჭო კვლავ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ის  კიდევ ერთხელ გამოხატავს მტკიცე სოლიდარობას საქართველოს მოსახლეობისადმი და მზაობას განაგრძოს მისი მხარდაჭერა ევროპული მომავლისკენ მიმავალ გზაზე.