დღეს „მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის“ ხელმძღვანელმა, ლევან ცუცქირიძემ ახალი პოლიტიკური მოძრაობა წარადგინა. მოძრაობას „თავისუფლების მოედანი“ ჰქვია და მის დამფუძნებლებს შორის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, სხვადასხვა დარგის სპეციალისტები არიან: სიმონ ჯანაშია, დავით გზირიშვილი, რევაზ აფხაზავა, ბაკურ კვაშილავა, ოქტაი ქაზუმოვი, ირმა ზოიძე და სხვები.
პოლიტიკური მოძრაობის პრეზენტაცია ევროპის მოედანზე გაიმართა. ლევან ცუცქირიძის თქმით, ეს იქნება ღია პლატფორმა, რომელიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი არჩევნების წინ სხვადასხვა დარგის პროფესიონალებსა და აქტიურ მოქალაქეებს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის შესაძლებლობას მისცემს.
„ჩვენ შევქმენით ახალი პოლიტიკური მოძრაობა, ღია პლატფორმა იმისთვის, რომ ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ, ასე ვთქვათ, პოლიტიკური სახლი, ეპოვათ სივრცე, სადაც ისინი შეძლებდნენ პოლიტიკურ ბრძოლაში თავიანთი წვლილის შეტანას.
პოლიტიკურ ბრძოლაში, რადგან ჩვენ ახლა ვიმყოფებით ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან გზაგასაყარზე. ამ „მოედნის“ გარშემო გაერთიანდნენ ადამიანები, რომლებიც არიან თავიანთი საქმის, დარგის საუკეთესო პროფესიონალები და არამხოლოდ საქართველოს მასშტაბით.
მე ძალიან მიხარია, რომ ასეთმა პროფესიონალებმა და მიუკერძოებელმა ადამიანებმა გადაწყვიტეს ჩემთან ერთად პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა“, – უთხრა ლევან ცუცქირიძემ „პუბლიკას“ დღეს გამართულ პრეზენტაციაზე.
ცუცქირიძის თქმით, ისინი მხარს უჭერენ პრეზიდენტის „ქართულ ქარტიას“ და განიხილავენ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობასაც, ვისთანაც ღირებულებების თანხვედრა ექნებათ.