პატელი რუსულ კანონზე: მნიშვნელოვანია კომუნიკაცია საქართველოს წარმომადგენლებთან 

პუბლიკა

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილის, ვედანტ პატელის თქმით, აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რუსულ კანონთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან კომუნიკაცია გააგრძელოს. პატელის თქმით, ეს ასეც მოხდება.

„რაც შეეხება საქართველოს და ჩვენ დიდი დრო გავატარეთ ცოტა ხნის წინ მიღებული კანონების შესახებ ლაპარაკზე – მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ასევე გავაგრძელოთ მუშაობა საქართველოს ხელისუფლების შესაბამის ოფიციალურ პირებთან.

ეს არის ქვეყანა, რომელთანაც ჩვენ კვლავ გვაქვს პრობლემური საკითხების მთელი რიგი, რომლებსაც გვინდა, პრიორიტეტი მივანიჭოთ ორმხრივი ურთიერთობის კონტექსტში. და მაშინ, როცა საქმე ეხება ამ კონკრეტულ კანონმდებლობას – ჩვენ გვჯერა, რომ ეს ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებს, ისევ გვწამს, რომ მნიშვნელოვანია ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ჩართულობა. კვლავ რჩება საკითხები, რომლებზეც, ეჭვი არ გვეპარება, რომ მათთან ვისაუბრებთ”. – თქვა მან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ბრიფინგზე საქართველოს შესახებ დასმული კითხვის პასუხად.

მანამდე თავად სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონში მკაფიოდ გამოხატეს პოზიცია კანონის დამტკიცებასთან დაკავშირებით და მიიღეს ზომები, ამასთან დაკავშირებით კი „სავარაუდოდ, უფრო მეტს ვნახავთ“.

რუსული კანონის მიღების გამო სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციების პირველი პაკეტი 6 ივნისს გამოაცხადა. სანქცია გულისხმობს სავიზო შეზღუდვებს და ის შეეხება „ქართული ოცნების” წევრებს, პარლამენტის წევრებს, ძალოვანებს და კერძო პირებს. საერთო ჯამში, 30-მდე ადამიანს.

მეთიუ მილერს კონკრეტული პირები და სახელები არ დაუკონკრეტებია და განაცხადა, რომ საიმიგრაციო კანონმდებლობა სახელების გაჟღერების უფლებას არ აძლევს.