მონიტორინგის კომიტეტი: ქვეყნის ყველა პოლიტიკური ძალა ჩაერთოს ინკლუზიურ დიალოგში

პუბლიკა

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტი რუსული კანონის დამტკიცებას და საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება.

მის განცხადებაში ნათქვამია, რომ:

მონიტორინგის კომიტეტი ადასტურებს სრულ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მაშინ როცა საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

ამავდროულად, მონიტორინგის კომიტეტი ღრმად არის შეშფოთებული ქართულ საზოგადოებაში არსებული დაძაბულობისა და მზარდი პოლარიზაციის გამო, რაც გამოწვეულია კანონმდებლობის მიღებით, რომელიც არ შეესაბამება ევროპულ დემოკრატიულ ნორმებსა და სტანდარტებს.

კომიტეტის შეფასებით, ამ ვითარებამ უკვე გამოიწვია ვენეციის კომისიის კრიტიკული მოსაზრებები და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისა და კონგრესის პრეზიდენტის განცხადებები, ასევე, გამოიწვია ის, რომ ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოს გაწევრების პროცედურა. კომიტეტი ასევე შეშფოთებულია დემონსტრანტების, პარლამენტის წევრების, ჟურნალისტების და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების მიმართ ძალის გადაჭარბებული გამოყენებით, ძალადობისა და დაშინების კამპანიით.

„კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ვალდებულებას, მხარი დაუჭიროს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას. საზოგადოების პოლარიზაცია და დემოკრატიული უკანდახევის აშკარა ნიშნები, რომლებიც ძირს უთხრის დემოკრატიულ სტაბილურობას, აიძულებს ქვეყნის ყველა პოლიტიკურ ძალას, ჩაერთონ დიალოგში, რომელიც ასახავს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს.

მონიტორინგის კომიტეტი მოუწოდებს, ჩატარდეს ასეთი ღია და ინკლუზიური პოლიტიკური დიალოგი, რადგან ეს აუცილებელია ისეთი გარემოს შესაქმნელად, რომელშიც ყველა მოქალაქეს, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა, შეუძლია აქტიური, თავისუფლად და თანაბრად მონაწილეობა მიიღოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ყველა დონეზე, დემოკრატიული პრინციპებისა და ადამიანის უფლებების პატივისცემით. კომიტეტს სჯერა, რომ ეს დიალოგი გამოიწვევს განახლებულ ვალდებულებას საქართველოში დემოკრატიის კონსოლიდაციისკენ”. – აცხადებს ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტი.

კომიტეტი მიუთითებს, რომ ასეთი დიალოგის სულისკვეთებით, მისი წევრები შეხვდნენ მმართველი პარტიის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ეროვნულ და ადგილობრივ წარმომადგენლებს.