მდინარაძის თქმით, კობახიძის გამოსვლის დროს ნეგატიური შეძახილები დაორგანიზებული იყო

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პრემიერ კობახიძის გამოსვლის დროს საზოგადოების ნეგატიური შეძახილები დაორგანიზებული იყო.

მდინარაძემ ეს განცხადება გუშინ გვიან ღამით გააკეთა. სამთავრობო მედიის ცნობით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე თავისუფლების მოედანზე სახალხო ღონისძიების შემდეგ ნაკრების და ფედერაციის წევრებთან ერთად დახურულ საზეიმო შეკრებაზე იმყოფებოდნენ.

„პატარ-პატარა ნეგატიური ამბები როცა ასეთ უპოზიტიურეს ამბებში ჩაეტენება ხოლმე, ცუდის მეტი ამას არაფერი მოაქვს. როცა აორგანიზებენ, რომ პრემიერის გამოსვლის დროს „უუუუუ“ დაიძახონ და 100 კაცი აყვეს, როცა აორგანიზებენ, რომ აბსოლუტური ფეიკი დადგან, ეს არის ელემენტარული მავნებლობა“, – თქვა მამუკა მდინარაძემ.

გუშინ, 2 ივლისს, ფეხბურთის ეროვნული ნაკრების დახვედრის და დაჯილდოების ღონისძიებაზე პრემიერ კობახიძის გამოსვლას საზოგადოების უარყოფითი შეძახილები მოჰყვა. თავისუფლების მოედანზე შეკრებილი გულშემატკივრები ტაშით შეხვდნენ პრეზიდენტ ზურაბიშვილს.