ჯადაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „TV პირველთან“ სწრაფი ტესტების განაწილების პრინციპზე ისაუბრა. მისი თქმით, შესაძლებელია, ისინი შესაბამისი ტრენინგის შემდგომ რაიონულ კლინიკებში განაწილდეს, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც სწრაფი ტესტების ფართოდ გაშლის საშუალება ექნება ქვეყანას.
გუშინ საქართველოში 1000 ცალი სწრაფი ტესტი ჩამოვიდა, რომლითაც, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, მარნეულის მოსახლეობას შეამოწმებენ.
„აქ ტესტის გარდა, კიდევ მნიშვნელოვანია ადამიანი, ანუ ეპიდემიოლოგი, რომელიც იღებს ტესტისთვის მასალას. ამდენად, აქ გარკვეული ლიმიტაცია იქნება იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენია ასეთი ადამიანი და სად იქნებიან. რა თქმა უნდა, ტრენინგი აქაც შესაძლებლია, რაიონული კლინიკის დონეზე. შეიძლება, ეს ადილობრივადაც მოხდეს, მაგრამ ჯერჯერობით მაინც დამოკიდებულნი ვართ იმ ეპიდემიოლოგიურ სამსახურზე, რომელიც უზრუნველყოფს ტესტისთვის მასალის აღებას და გადაგზავნას იმ ლაბორატორიებში, სადაც დღეს ტარდება PCR-ზე დამყარებული ტესტირება.
PCR-ზე დამყარებული ტესტირებისთვის მეტი შესაძლებლობაა ქვეყანაში. არის რამდენიმე კარგი ლაბორატორია და ჩვენ ვფიქრობთ მათ ჩართვას სახელმწიფო ლაბორატორიებთან ერთად. ეს იქნება ერთი გზა ტესტირების შესაძლებლობის გაფართოების. თუმცა წინა ხაზზე, როცა პაციენტი მიდის კლინიკაში, ვფიქრობთ ე.წ. ცხელების კლინიკების ჩამოყალიბებაზე რაიონულ დონეზე, სადაც, ადამიანი როცა მივა, კლინიკა იქნება მზად, რომ პაციენტი მიიღოს ცხელებით.
პერსონალი გაივლის შესაბამის ტრენინგს, მაგრამ ეს შემდეგ, რაც სწრაფი ტესტების ფართოდ გაშლის საშუალება გვექნება. ეს იქნება პირველი ადგილები, სადაც გონივრულად სწრაფ ტესტებს გამოვიყენებთ, გარკვეული ხარისხის კონტროლის პირობებში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.