პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის შესარჩევ კონკურსში 5 განაცხადი შევიდა. განაცხადების მიღება პირველ ივლისს დასრულდა. ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არ წერია, ვინ გამოთქვა კონკურსში მონაწილეობის სურვილი.
კანდიდატები პრეზიდენტის მიერ შექმნილმა კომისიამ უნდა შეარჩიოს. გასაუბრება მომდევნო კვირას დაიწყება და პირდაპირ ეთერში გადაიცემა.
გასაუბრებაზე კომისია შეაფასებს კანდიდატების კვალიფიკაციას, რეპუტაციას, დამოუკიდებლობასა და კეთილსინდისიერებას, შემდეგ კი რეკომენდაციას საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს.
ამ ეტაპზე შესარჩევი კომისია ამოწმებს კანდიდატების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის კანონმდებლობასთან შესაბამისობას.
ადმინისტრაციის ცნობით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის კანდიდატურების შერჩევის პროცესს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) ექსპერტები გაუწევენ მონიტორინგს.
შესარჩევი კომისიის წევრები არიან:
- გურამ იმნაძე – სოციალური სამართლიანობის ცენტრი
- ქეთევან ერემაძე – ილიაუნის პროფესორი
- ბესიკ ლოლაძე – სეუ-ს პროფესორი
- ნონა ქურდოვანიძე – საიას თავმჯდომარე
- თამარ ლალიაშვილი – ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პროფესორი
- გიორგი დავითური – ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
- ზურაბ ვარდიაშვილი – „პუბლიკის“ დირექტორი
პრეზიდენტის მიერ დანიშნულ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს უფლებამოსილების ვადა 2024 წლის 22 ივლისს ეწურება;
„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური რეფორმის მთავარი ნაბიჯები ასახულია საქართველოს პრეზიდენტის მიერ შედგენილ „ქართულ ქარტიაში. ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების კვალიფიკაციის, კეთილსინდისიერების, დამოუკიდებლობის და მათ შესახებ სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის შეფასება-შემოწმება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი კომისიის მიერ.
პრეზიდენტი უფლებამოსილია დისკრეციულად შეარჩიოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დანიშნოს კონკურსში მონაწილე ერთ-ერთი კანდიდატი, მათგან, ვინც აკმაყოფილებენ კანონით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნულის მიუხედავად, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით შეიქმნა დამოუკიდებელი შესარჩევი კომისია, რომელიც პრეზიდენტს წარუდგენს რეკომენდაციებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატურის შესარჩევ კონკურსში მონაწილეთა შესახებ.
პრეზიდენტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს დანიშნავს არაუგვიანეს 2024 წლის 15 ივლისისა“, – ნათქვამია ადმინისტრაციის ინფორმაციაში.