მერია: უფასო სამგზავრო ბარათებზე ინფორმაცია ყალბია

პუბლიკა

თბილისის მერიის განცხადებით, ყალბია ინფორმაცია, რომ მოქალაქეები საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამგზავრო ბარათებს უფასოდ მიიღებენ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ყალბ ინფორმაციას ყალბი გვერდები ავრცელებენ და იყენებენ მერიის ლოგოს.

,,ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, სხვადასხვა გვერდის სახელით ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს მოქალაქეებს, საჩუქრად საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთწლიან უფასო სამგზავრო ბარათებს გადასცემენ. ყალბ გვერდებზე ასევე, გამოყენებულია თბილისის მერიის ლოგო, ინფორმაციაში კი, ბარათის სანაცვლოდ, გარკვეული თანხის გადახდას ითხოვენ. გვინდა, მოსახლეობას ვაცნობოთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. მოვუწოდებთ მგზავრებს, არ ენდოთ მსგავსი ტიპის ინფორმაციას და პირველ რიგში, დარწმუნდით გვერდების სანდოობაში”, – წერია მერიის განცხადებაში.