პარლამენტარი, ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრი, მარიამ ჯაში „TV პირველთან“ საუბრისას აცხადებს, რომ სწრაფი ტესტების მარაგი მსოფლიოში ძალიან მწირია, ამიტომ საყოველთაოდ ხელმისაწვდომი ვერ იქნება. შესაბამისად, უცნობია, რამდენი ადამიანია თუნდაც საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული.
„პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არის ახალი ვირუსი, ბევრი დეტალი თავად ვირუსის შესახებ არის უცნობი და ჩვენ ყოველდღიურობაში ვსწავლობთ, რა შეიძლება იყოს ეფექტიანი მიდგომა მის დასაძლევად.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაახლოებით ერთი კვირის წინ ერთმნიშვნელოვანი რეკომენდაცია გასცა ტესტირების მაქსიმალურად ფართო მოხმარებაზე, რომელიც საშუალებას მისცემდა ქვეყნებს, დროულად იდენტიფიცირებული ყოფილიყო ყველა ინფიცირებული პირი და შესაბამისად, გადამისამართებულიყო დროულ მკურნალობაზე.
პირველ რიგში, სწრაფი ტესტების მარაგი მსოფლიო მასშტაბით არის შეზღუდული, ამიტომ მე ნამდვილად გამიკვირდა, რომ 200 000 ტესტის შესყიდვაზე გაჟღერდა განცხადება, ეს იქნებოდა ნამდვილად უდიდესი წარმატება მოლაპარაკებების. ეტაპობრივად შემოტანაც იქნება, რა თქმა უნდა, კარგი.
პირველად იყო საუბარი აგრესიულ ტესტირებაზე, მაქსიმალურად საყოველთაო ტესტირებაზე, რაც ნამდვილად ძალიან კარგი იქნებოდა, რომ ჩვენი მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა ჩაიტაროს ეს ტესიტება სურვილის შემთხვევაში, მაგრამ ეს არ არის რეალისტური დღევანდელ მოცემულობაში, არც მარაგია საკმარისი, არც ხელმისაწვდომობა, ევროპაშიც კი 100 ევროს აღემატება ტესტის ჩატარება.
ჩვენ რეალურად არ ვიცით, რამდენი ადამიანი შეიძლება იყოს საქართველოში ინფიცირებული, რადგან არ არის საყოველთაოდ ხელმისაწვდომი ტესტირება. ამასთანავე, მარაგის სიმწირის გამო, უნდა განისაზღვროს პრიორიტეტები, მიზნობრივად რომელ პირებს უნდა ჩაუტარდეს ტესტირება და მაქსიმალურად უნდა მოხდეს აქცენტი პირველადი ჯანდაცვის რგოლიდან სიპტომატიკის აქტიურ გამოვლენაზე.
რაც მთავარია, მთავარი რისკი კორონავირუსის ინფექციის (ვიცით, რომ 80% ნიშნების გარეშე, მსუბუქად მიმდინარეობს) გართულება ფილტვისმიერი პნევმონია და თირკმელების უკმარისობაა – ეს ორი ნიშანია, რომელსაც აუცილებლად უნდა ვუფრთხილდეთ“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.