SJC: მოვუწოდებთ შრომის ინსპექციას, უზრუნველყოს „ევოლუშენ ჯორჯიაში" ღირსეული სამუშაო გარემო

პუბლიკა

სოციალური სამართლიანობის ცენტრი კომპანია „ევოლუშენ ჯორჯიაში“ არსებულ შრომით პირობებზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და შრომის ინსპექციის სამსახურს მოუწოდებს, უზრუნველყოს სათანადო რეაგირება და  კომპანიაში ღირსეული სამუშაო გარემოს შექმნა.

„კომპანიაში დასაქმებულთა მძიმე უფლებრივ მდგომარეობას კიდევ ერთხელ ააშკარავებს 2 ივლისს ონლაინ მედია-პლატფორმა „მაუწყებლის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია – კომპანიის მენეჯერების მიმოწერის ამსახველი „სქრინები“, სადაც ნათლად ჩანს კომპანიის ხელმძღვანელობის დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება კომპანიაში დასაქმებულ პირთა მიმართ. აღნიშნული ფაქტები შეიცავს შრომით ურთიერთობაში შევიწროების, დისკრიმინაციისა და ღირსების შელახვის ნიშნებს.

განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ ამგვარი უფლებადარღვევის შემთხვევებს ადგილი აქვს კომპანიაში, სადაც  არაერთი ახალგაზრდა და სტუდენტი მუშაობს და, შესაბამისად, ბევრი მათგანისთვის პირველი სამსახურია ორგანიზაცია, სადაც დასაქმებულების მიმართ ამგვარი დამოკიდებულება, როგორც ჩანს, სისტემური პრობლემაა”, – ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაცია წერს,  რომ „ევოლუშენ ჯორჯიაში“ დასაქმებული პირები დიდი ხანია იბრძვიან თავიანთი შრომითი უფლებების დასაცავად. ისინი აპროტესტებენ მიზერულ ხელფასებს, არასათანადო შრომის პირობებს, სამუშაო ადგილზე ანტისანიტარიას და დამსაქმებლის მხრიდან შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას:

„მათი ინტერესების დამცველი პროფკავშირების, ლაბორისა და ევო-კავშირის ჩართულობით, ახლახანს დასრულდა დამსაქმებელთან შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებული მედიაციის პროცესი. მედიაციამ დასაქმებულ პირთათვის სასურველი შედეგი ვერ გამოიღო. შესაბამისად, ისინი გეგმავენ მათი უფლებების დაცვის მიზნით კანონმდებლობით გარანტირებული შემდგომი მექანიზმის, გაფიცვის უფლების გამოყენებას. გაფიცვის თარიღის, დროისა და ხასიათის შესახებ დასაქმებულები ინფორმაციის გავრცელებას დღეს გეგმავენ.

აღსანიშნავია, რომ ლაბორისა და ევო-კავშირის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მათთვის ცნობილი გახდა „ევოლუშენ ჯორჯიას” საოპერაციო ხელმძღვანელის მიერ შუალედური რგოლის მენეჯერებისათვის გადაცემული ე.წ. ინსტრუქციის შესახებ, რომელიც გაფიცვის დროს „ევოლუშენ ჯორჯიას”მხრიდან გასატარებელ სადამსჯელო ღონისძიებებს ასახავს.

აღნიშნული ინფორმაცია შეიცავს გაფიცვის უფლებით სარგებლობის გამო დასაქმებულ პირთა დაშინებისა და გაფიცვის უფლების განხორციელებისათვის ხელშეშლის ნიშნებს. სოციალური სამართლიანობის ცენტრი შეახსენებს „ევოლუშენ ჯორჯიას”, რომ გაფიცვის უფლება წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციითა და შრომის კოდექსით გარანტირებულ ფუნდამენტურ სოციალურ უფლებას.

საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაცია აჩვენებს, რომ „ევოლუშენ ჯორჯიაში” დასაქმებული პირები, მათი ინტერესების დამცველ პროფკავშირებთან ერთად, კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურებისა და მოთხოვნების დაცვით მოქმედებენ”, – აღნიშნულია განცხადებაში.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს:

  • შრომის ინსპექციის სამსახურსა და სახალხო დამცველის ანტი-დისკრიმინაციულ მექანიზმს, შეისწავლონ 2 ივლისს გავრცელებული ინფორმაცია და განახორციელონ შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება;
  • შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და შრომის ინსპექციის სამსახურს, სათანადო რეაგირება განახორცილონ გაფიცვის უფლების რეალიზაციის ხელშემშლელ კომპანიის ქმედებებზე, რათა დასაქმებულ პირებს შესაძლებლობა მიეცეთ, თავისუფლად ისარგებლონ საქართველოს კონსტიტუციითა და შრომის კანონმდებლობით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებით.

„ევოლუშენ ჯორჯიას” თანამშრომლების ნაწილი 12 ივლისს, 12 საათიდან 24-საათიან გაფიცვას იწყებს. ამის შესახებ დღეს, 5 ივლისს პროფკავშირ „ლაბორის” თავმჯდომარემ, გიორგი დიასამიძემ დასაქმებულებთან ერთად გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

თანამშრომელთა თქმით, გაფიცვის მიზეზი მათი უფლებების, მათ შორის შრომითი და უსაფრთხოების ნორმების დარღვევის ფაქტებია, აგრეთვე დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი მოპყრობის შემთხვევები.