საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება აშშ-ის მხრიდან სამხედრო სწავლების – „ღირსეული პარტნიორის” გადადებას და საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის საფრთხის შექმნისთვის.
„ევროპის გზა საფრთხის ქვეშ დააყენეს რუსული კანონის მიღებით, ამერიკელ პარტნიორების შეურაცხყოფით და მათ მიმართ წარმოთქმული ბრალდებების (მეორე ფრონტი თუ გადატრიალებისა) შედეგად ახლა საფრთხეს უქმნიან ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელსაც ეფუძნება ჩვენი თავდაცვის ძალების გაძლიერება და NATO-ს სტანდარტებზე აყვანა.
ამას ეძახიან საქართველოს ინტერესებს… ამ დროს დასუსტებულ და იზოლირებულ საქართველოს უჩენენ ბევრად დიდ საფრთხეს”, – წერს პრეზიდენტი facebook-ის პირად გვერდზე.
აშშ-მა საქართველოსთან „ღირსეული პარტნიორის” სამხედრო სწავლება „განუსაზღვრელი ვადით” გადადო.
„ღირსეული პარტნიორის” გადადების გადაწყვეტილება განპირობებულია შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური სუბიექტების მიმართ საქართველოს მთავრობის მიერ გაჟღერებული ცრუ ბრალდებებით, რომლის მიხედვითაც ზეწოლას ვახდენდით საქართველოზე, გაეხსნა მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაზე ზეწოლის შესამსუბუქებლად, და რომ მონაწილეობას ვიღებდით, მმართველი პარტიის წინააღმდეგ, გადატრიალების ორ მცდელობაში. როგორც ასეთი, შეერთებული შტატების მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ეს შეუფერებელი დროა საქართველოში მასშტაბური სამხედრო წვრთნების ჩასატარებლად”, – ვკითხულობთ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებაში.