თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ჩიქოვანისთვის გაუგებარია აშშ-ის გადაწყვეტილება, რომელიც „ღირსეული პარტნიორის” გადადებას უკავშირდება.
მინისტრმა ამ თემაზე ჟურნალისტებთან გორში ისაუბრა, სადაც ის ავიაკატასტროფაში დაღუპული ქართველი მფრინავის პანაშვიდზე იყო მისული.
„ჩვენთვის გაუგებარია გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება „ღირსეული პარტნიორის“ გაურკვეველი ვადით გადადებას. თუმცა ხაზს გავუსვამ, რომ ჩვენ თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს გვაქვს ძალიან ბერვი თანამშრომლობის ფორმატი, სადაც ინტენსიურად ვმუშაობთ და ვთანაშრომლობთ და ეს თანამშრომლობა გაგრძელდება“, – თქვა ჩიქოვანმა.
აშშ-მა საქართველოსთან „ღირსეული პარტნიორის” სამხედრო სწავლება „განუსაზღვრელი ვადით” გადადო. ინფორმაცია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა გუშინ გაავრცელა.
განცხადების მიხედვით, „ღირსეული პარტნიორის” გადადების გადაწყვეტილება განპირობებულია შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური სუბიექტების მიმართ საქართველოს მთავრობის მიერ გაჟღერებული ცრუ ბრალდებებით, რომლის მიხედვითაც ზეწოლას ვახდენდით საქართველოზე, გაეხსნა მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაზე ზეწოლის შესამსუბუქებლად, და რომ მონაწილეობას ვიღებდით, მმართველი პარტიის წინააღმდეგ, გადატრიალების ორ მცდელობაში. როგორც ასეთი, შეერთებული შტატების მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ეს შეუფერებელი დროა საქართველოში მასშტაბური სამხედრო წვრთნების ჩასატარებლად.